Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესის მახლობლად რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა


უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ქალაქის ოდესის მახლობლად 19 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა, წუხელ საცხოვრებელ სახლსა და დასასვენებელ ბაზაზე რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, რაკეტები ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონში მდებარე საკურორტო დაბა სერგეევკაში მოხვდა ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლს და დასასვენებელი ბაზის შენობებს.

ბოლო მონაცემებით, საცხოვრებელ სახლზე თავდასხმას ემსხვერპლა 17 ადამიანი, დაშავებულია - 30. სარდაფიდან ამოიყვანეს შვიდი პირი, მათგან სამი ბავშვია.

ორი დაღუპული, მათ შორის ერთი ბავშვი, იპოვეს დასასვენებელ ბაზაზე, რომელსაც მეორე რაკეტა მოხვდა. საქმე ეხება სანატორიუმ "ვოლნას", რომელიც დაზიანებული საცხოვრებელი სახლიდან 150 მეტრში მდებარეობს. რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ სანატორიუმი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, ოდესაზე სარაკეტო შეტევა შავი ზღვის მხრიდან განხორციელდა. სარდლობის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალების სტრატეგიული ავიაციის Ту-22 ტიპის თვითმფრინავებიდან ოდესის ოლქს ესროლეს სამი რაკეტა Х-22. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილო ტომოშენკომ ტელეგრამ-არხით გაავრცელა დასასვენებელი ბაზის ტერიტორიაზე ნგრევის ამსახველი ვიდეო.

XS
SM
MD
LG