უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ქალაქის ოდესის მახლობლად 21 ადამიანი დაიღუპა და 38-ზე მეტი დაშავდა, წუხელ საცხოვრებელ სახლსა და დასასვენებელ ბაზაზე რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, რაკეტები ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონში მდებარე საკურორტო დაბა სერგეევკაში მოხვდა ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლს და დასასვენებელი ბაზის შენობებს.
ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, სერჰი ბრატჩუკმა განაცხადა, რომ მაშველებმა მიაკვლიეს 21 დაღუპულს. ორი დაღუპული, მათ შორის ერთი ბავშვი, იპოვეს დასასვენებელ ბაზაზე, რომელსაც მეორე რაკეტა მოხვდა.
საქმე ეხება სანატორიუმ "ვოლნას", რომელიც დაზიანებული საცხოვრებელი სახლიდან 150 მეტრში მდებარეობს. რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ სანატორიუმი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, ოდესაზე სარაკეტო შეტევა შავი ზღვის მხრიდან განხორციელდა. სარდლობის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალების სტრატეგიული ავიაციის Ту-22 ტიპის თვითმფრინავებიდან ოდესის ოლქს ესროლეს სამი რაკეტა Х-22.
დაწერეთ კომენტარი