რომში ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დასრულდა - საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა საერთო გუნდურ ჩათვლაში.
შეჯიბრებაში ათი სპორტსმენი მონაწილეობდა და მათგან რვამ მედალი აიღო. დავით აბდალაძემ 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა შეხვედრა მოიგო და ჩემპიონი გახდა.
ოთარ ადეიშვილმა (79 კგ), დავით კოღუაშვილმა (86 კგ), ანდრო მარგიშვილმა (92 კგ) და მერაბ სულეიმანიშვილმა (125 კგ) ფინალში წააგეს და ვერცხლის მედლები აიღეს. მესამე საპრიზო ადგილებით დაასრულეს ევროპირველობა ლუკა ღვინჯილიამ (57 კგ), ლუკა ჯანეზაშვილმა (65 კგ) და ლუკა ხუჭუამ (97 კგ).
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 169 ქულა დააგროვა და 25 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ სომხეთს.