რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ტერიტორიის, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „გათავისუფლებისთვის“ გმირის წოდებები მიანიჭა რუსეთის არმიის დაჯგუფება „ცენტრის“ სარდალს, გენერალ ლაპინს და სამხრეთის სამხედრო ოლქის მერვე არმიის სარდლის მოადგილეს, გენერალ აბაჩოვს. მათი დაჯილდოების წინადადებით პუტინს 4 ივლისს მიმართა თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ.
შოიგუსთან კრემლში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ ლუგანსკისთვის მებრძოლმა სამხედროებმა დროებით უნდა დაისვენონ, აღმოსავლეთის და დასავლეთის დაჯგუფებებმა კი, ამოცანების შესრულება გეგმის მიხედვით გააგრძელონ. „იმედი მაქვს, მათი მიმართულებებითაც ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ეს ამ დრომდე ხდებოდა ლუგანსკის მიმართულებით“, - განაცხადა პუტინმა.
თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს 3 ივლისს უპატაკა, რომ "სრული კონტროლი დაამყარეს" ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკსა და ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებზე და “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა გათავისუფლებულია“. იმავე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ "მძიმე ბრძოლების შემდეგ", უკრაინელმა სამხედროებმა ლისიჩანსკში პოზიციები დატოვეს. გენშტაბის განცხადებით, არტილერიის, ავიაციის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების და ცოცხალი ძალის მხრივ, მოწინააღმდეგის დიდი უპირატესობის პირობებში, ლისიჩანსკის დაცვის გაგრძელება საბედისწერო შედეგებს მოიტანდა, ამიტომ, უკრაინის დამცველთა სიცოცხლის გადასარჩენად გადაწყდა ქალაქიდან უკან დახევა.
ლისიჩანსკი რჩებოდა ლუგანსკის ოლქის ბოლო დიდ ქალაქად, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლისიჩანსკიდან უკან დახევა იმით ახსნა, რომ უკრაინა საკუთარ ხალხს უფრთხილდება. ზელენსკის განცხადებით, თუ არმიის სარდლობას სამხედროები გაჰყავს ფრონტის ზოგიერთი წერტილიდან, სადაც მტერს დიდი უპირატესობა აქვს, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ დაბრუნდებიან ტაქტიკის და უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდების წყალობით. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა არაფერს დათმობს, ამის კარგი მაგალითი კუნძული ზმეინია და მოვა დღე, როცა იმავეს იტყვიან დონბასზე.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".