Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტი მგზავრთა ნაკადის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის- ალანიის რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში აცხადებენ.

ყოველდღიური სამუშაო სიმძლავრე 2-3-ჯერაა გაზრდილი. მუშაობს 13-ვე გამშვები ზოლი, ამის მიუხედავად, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეფერხება ექმნება როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ტრანსპორტს“, შესაბამისად, უწყება საქართველოში მოგზაურობის მსურველ ტურისტებს აფრთხილებს, გაითვალისწინონ საზღვარზე არსებული მდგომარეობა, ის რომ, შესაძლოა, ლოდინის დრო ერთ დღე-ღამეს მოიცავდეს და ამის გათვალისწინებით დაგეგმონ ვიზიტი.

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, საქართველოს სახმელეთო საზღვარზე გაზრდილია სატრანზიტო ნაკადი. გამშვები პუნქტები სადღეღამისო რეჟიმში მუშაობენ, თუმცა ტრანსპორტს, რიგ შემთხვევაში, ერთთვიანი დაყოვნება უწევს. ამას დაემატა უამინდობა, რის გამოც გარკვეული დროით შეჩერებული იყო გამშვები პუნქტის ფუნქციონირება და ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში რუსეთიდან სახმელეთო სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, 125 204 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (52 457) მნიშვნელოვნად აღემატება, თუმცა ჩამორჩება 2019 წლის 5 თვის მაჩვენებელს (389 135 ვიზიტი).

XS
SM
MD
LG