Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: თეორიულად დავუშვათ, საქართველოში დეკემბრის ბოლოს ომი იწყება, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი


„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობაზე ილაპარაკა „პირველი არხის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ის ამბობს, რომ ხელისუფლება ევროკავშირის მიერ დაყენებული პირობების შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებს.

„გაგვიჭირდება იმის განსაზღვრა, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ევროპული საბჭო, თუმცა ჩვენ შეგვიძლია საზოგადოებას მივცეთ პირობა, რომ თორმეტივე პუნქტს ძალიან პირნათლად შევასრულებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ევროკავშირს მეტი პასუხისმგებლობა აქვს საქართველოს წინაშე. „გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მიენიჭა ოფიციალურად ევროპული პერსპექტივა, რაც აქამდე არ მომხდარა, ამისთვის ქვეყანა იბრძოდა წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ევროკავშირსაც მეტი პასუხისმგებლობა აქვს გადაწყვეტილება მიიღოს, მიუხედავად გეოგრაფიული ფაქტორისა“, - თქვა მან.

ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა ომის დაწყებასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შორის კავშირზე. „ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, საქართველოში დეკემბრის ბოლოს ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს, - აღნიშნა მან და დაამატა, - მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ფაქტორს ჩვენ არ და ვერ შევცვლით, ბუნებრივია. ოპოზიცია ამას სიამოვნებით გააკეთებდა და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, მაგრამ ჩვენ ამაზე არცერთ შემთხვევაში არ წავალთ. მაგრამ, რისი თქმა მინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დეკემბრამდე დასრულდება ომი უკრაინაში, რა თქმა უნდა, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში. იყო გარკვეული ემოციური ფონი, რის გამოც უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და ჩვენ არა“.

კობახიძეს იმედი აქვს, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

„ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა.

XS
SM
MD
LG