Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკზე რუსეთის შეტევა ესკალაციას აღწევს, მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ


სლავიანსკი, უკრაინა. 5 ივლისი, 2022 წელი
სლავიანსკი, უკრაინა. 5 ივლისი, 2022 წელი

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქალაქი სლავიანსკი, იმ ფონზე, როცა ესკალაციას განიცდის რუსეთის შეტევა უკრაინის დონეცკის რეგიონზე.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს 6 ივლისის სადაზვერვო ანგარიშის თანახმად, "არსებობს რეალისტური შესაძლებლობა იმისა, რომ [სლავიანსკისთვის] ბრძოლა იქნება შემდეგი მთავარი ეტაპი დონბასისთვის ომში". ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ძალებს ამჟამად, სავარაუდოდ, ქალაქიდან 16 კილომეტრამდე მანძილი აშორებთ, ქალაქი ბოლო დღეებში მასშტაბური დაბომბვის სამიზნეა.

დონბასის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ უკრაინის მედიას 5 ივლისს უთხრა, რომ "ახლა მთავარი რჩევაა ევაკუაცია". მისი თქმით, ამ კვირაში არცერთ დღეს არ ჩაუვლია სროლის გარეშე.

კირილენკომ ასევე ილაპარაკა სროლაზე "მთელი ფრონტის ხაზის" გასწვრივ აღმოსავლეთის დონბასის რეგიონში - რომელიც რუსეთმა თავისი ძალისხმევის ცენტრად გადააქცია მას მერე, რაც უკრაინის მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობის შედეგად კიევის დაკავება ვერ შეძლო.

5 ივლისს გაეროს ადამიანის უფლებების კომისარმა დაგმო უკრაინაში რუსეთის "უაზრო ომი" და მოითხოვა, დასრულდეს "გაუსაძლისი" ადამიანური ტანჯვა, რომელიც მოიტანა უკრაინაში მოსკოვის შეჭრამ. 3 ივლისისთვის არსებული მონაცემებით, მთელი უკრაინის მასშტაბით აღრიცხულია 10,000-ზე მეტი სიკვდილის ან დაჭრის შემთხვევა სამოქალაქო პირებს შორის, თქვა მიშელ ბაჩელეტმა და დასძინა, რომ რეალური სურათი, სავარაუდოდ, გაცილებით უფრო მძიმეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG