Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ შეაჩერა ყაზახეთიდან ნავთობის ექსპორტი


ნოვოროსიისკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, 30 დღით შეწყდეს კასპიის მილგამყვანი კონსორციუმის საზღვაო ნავთობტერმინალის მოქმედება. მისი მეშვეობით ხორციელდება ყაზახეთში მოპოვებული ნავთობის 80%-ის ექსპორტი.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ტერმინალის მოქმედების შეჩერება აუცილებელია, რათა დადგინდეს დოკუმენტაციაში დარღვევები, რომლებიც „როსტრანსნადზორმა“ გამოავლინა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იტყობინება. თავად კონსორციუმმა სააპელაციო სარჩელი შეიტანა და მიუთითა, რომ ნავთობის გადატუმბვის შეჩერება მოწყობილობის გამოუსწორებელ დაზიანებას გამოიწვევს.

რუსეთის სასამართლომ ნავთობის მიწოდება დაბლოკა მალევე მას შემდეგ, რაც ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელს, შარლ მიშელს შესთავაზა მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ბაზრებზე „ვითარების სტაბილიზება“. რუსეთის მრავალმა მედიასაშუალებამ საუბრის ეს ნაწილი წარმოადგინა როგორც წინადადება, ევროკავშირისთვის ჩაანაცვლოს რუსეთის ნავთობი, რომელზეც სანქციები ვრცელდება.

საზღვაო ტერმინალის მფლობელი, კასპიის მილგამყვანი კონსორციუმი, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. კასპიის მილგამყვანი კონსორციუმი პარტნიორებს ყოველდღიურად აწვდის 51,2 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს, რაც მსოფლიო ნავთობის მოცულობის 1% არის. კომპანიის აქციების 31% რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის, 20,75% - ყაზახეთს. დანარჩენი აქციონერები არიან უცხოური კომპანიები, მაგალითად, ამერიკული Chevron-ი და Mobil-ი და იტალიური Eni.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ-მა და ევროპის კავშირმა რუსეთის ნავთობზე ეკონომიკური სანქციები დააწესეს, მაგრამ სანქციები არ შეხებია ყაზახეთის ან სხვა ქვეყნების ნავთობს, რომელიც გადაიქაჩება რუსეთის ტერმინალებით, სადაც მათ ტანკერებზე ტვირთავენ და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აწვდიან მომხმარებელს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა გამოიწვია რუსეთის ენერგომატარებლების ექსპორტის შემცირება და ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე ფასების ზრდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG