Accessibility links

site logo site logo

ცხინვალში 34 წლის კაცს ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს


ფოტო არქივიდან: ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალში, ოსტროვსკის ქუჩაზე, სროლა იყო. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს წარსულში ნასამართლევი 34 წლის კაცი. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირები „მერსედესის" მარკის ავტომანქანით მიიმალნენ. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამართალდამცველების ცნობით, დაჭრილი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ბარძაყის არეში გამჭოლი ჭრილობა აქვს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

დე ფაქტო შსს-მ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დაიწყო და დანაშაულის ჩამდენი პირების გამოსავლენად და დასაკავებლად გზები გადაკეტა. ინფორმაცია გადაეცა ყველა საქალაქო და რაიონულ განყოფილებას. მილიციისთვის ცნობილია იმ მანქანის მარკა, ფერი და ნომერი, რომლითაც ეჭვმიტანილები მიიმალნენ. მთელ რეგიონში ახლა ლურჯი ფერის „მერსედესს" ეძებენ.

დე ფაქტო შსს მოქალაქეებს, ანონიმურობის დაცვის გარანტიით, ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელებში ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს კრიმინალურმა გარჩევებმა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებამ იმრავლა. ეს ყველაფერი კი მოსახლეობაში უკონტროლო და დაურეგისტრირებელი იარაღის ქონის გამო ხდება. დე ფაქტო ხელისუფლება ამ დრომდე ვერ ახერხებს მოსახლეობაში არსებული იარაღის სრულად ამოღებას, რომელიც როგორც 90-იანი წლების, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში დაგროვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG