Accessibility links

site logo site logo

„ულტიმატუმი, აბსურდი, „გაშიფრული ფოკუსი" - ოპოზიციამ საარჩევნო ბარიერის შესახებ კობახიძის ინიციატივა შეაფასა


საქართველოს პარლამენტი

ოპოზიციური პარტიები უარყოფითად აფასებენ საარჩევნო ბარიერის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინიციატივას.

მმართველი პარტია მზადაა, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს და 2024 წლის (და ყველა მომდევნო) საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 5 პროცენტიდან 2 პროცენტამდე დაწიოს, თუ ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ, პრაქტიკულად, ირაკლი კობახიძემ ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირს.

„ეს არის აბსურდი, რადგან ჩვენ იმ მდგომარეობაში არ ვართ, რომ ევროკავშირს დამატებითი მოთხოვნები წავუყენოთ. ასეთი რიტორიკით და განცხადებებით კიდევ უფრო აშორებენ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის გადაწყვეტილებას და ხელს უწყობენ ქვეყანაში რუსული ნარატივის გაგრძელებას. აჩვენებენ, რომ მათთვის მთავარი კანდიდატის სტატუსის მიღება კი არ არის, არამედ რაც შეიძლება გამწვავდეს ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ისევ ულტიმატუმის ენით აპირებენ ევროკავშირთან საუბარს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე. „ირაკლი კობახიძემ თავისი დღევანდელი განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა სისწორე ჩვენი მიდგომის, რადგან „ქართული ოცნება“ არის თაღლითი და გადამგდები. ვიდრე ახალ ურთიერთობასა და ახალ ნდობაში შევალთ „ქართულ ოცნებასთან“, უნდა ვაიძულოთ, რომ დავაბრუნებინოთ ის, რაც აქვს შესასრულებელი. 19 აპრილის შეთანხმების პირობები ვალად აქვს „ქართულ ოცნებას“, ეს აქვს შესასრულებელი“, - თქვა მან.

„ლელოს“ წევრის, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, „[ქართული ოცნება“] ცდილობს, ისეთი ფოკუსი ჩაატაროს, რომ ხალხი ვერ მიხვდეს, რას აკეთებს, მაგრამ მისი ფოკუსები დიდი ხანია გაშიფრულია და ყველა ხვდება, რომ ის ცხადად ატყუებს საზოგადოებას“. მისი აზრით, „შარლ მიშელის დოკუმენტი“ იძლევა დეპოლარიზაციისთვის საუკეთესო შესაძლებლობას.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, დეპუტატ ხათუნა სამნიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ერთადერთი საშუალება, რომ პრობლემა შეექმნას ქვეყანას სტატუსის მიღების თვალსაზრისით და დაბრალდეს ოპოზიციას, არის ვითარების სრული რადიკალიზაცია. [„ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის“] მოულოდნელი იყო, რომ მათთან შეხვედრაზე პარტიების ნაწილი მიდის და, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ აკეთებს ყველაფერს, ბატონი კობახიძე ამ განცხადებით ცდილობს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, ისინიც კი, რომლებიც ცდილობენ, ცდა არ დააკლონ 12 პუნქტის შესრულებას და აგრძელებს „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრებს, მიდევნოს ერთ კუთხეში და დაარქვას რადიკალური ოპოზიცია“, - თქვა სამნიძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური მიიჩნევს, რომ საარჩევნო ბარიერის საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა არ შეიძლება ეს იყოს პრიორიტეტი ნებისმიერი მხარისთვის. „არ შეიძლება, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხები (ჩვენ კონკრეტული დავალება გვაქვს სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან), გადაინაცვლოს და გახდეს მეორეხარისხოვანი, - აღნიშნა ბუჩუკურმა და დაამატა, - კატეგორიულად მიუღებელი იქნება, რომ ნებისმიერმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ შემდეგ პარლამენტში შესვლა გაცვალოს იმ რეალურ პრობლემების მოგვარებაზე, რომელზეც ეს ქვეყანა დგას“.

კობახიძის მიერ წარმოდგენილი წინადადების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა. მათ მიაჩნიათ, რომ საარჩევნო ბარიერი უნდა განისაზღვროს არა 2%-ით, არამედ ბუნებრივი ბარიერით - 0,67%-ით.

„ცნობილია, ევროკავშირის პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმებით საარჩევნო ბარიერი უნდა შემცირდეს ბუნებრივ ბარიერამდე ან არაუმეტეს 2%-სა შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები.

აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციაში პირველი მოსმენით უკვე მიღებულია ცვლილება საარჩევნო ბარიერის შემცირების შესახებ.

მიგვაჩნია რომ საქართველოს მსგავსი პოლარიზაციის რეალურად დასაძლევად საჭიროა მეორე მოსმენით კენჭისყრამდე შევიდეს სამი მნიშვნელოვანი ცვლილება:

  • საარჩევნო ბარიერი განისაზღვროს არა 2% პროცენტის ოდენობით, არამედ ბუნებრივი ბარიერი - 0,67%;
  • აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილებები იყოს მუდმივი, ნაცვლად შემდეგი ორი არჩევნებისა;
  • არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს არა მხოლოდ პარტიებს, არამედ საარჩევნო ბლოკებსაც.

ამ ცვლილებების განხორციელება იქნება გარანტია ქართული პოლიტიკური სპექტრის გარანტირებული მრავალფეროვნების, გამორიცხავს ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ხელისუფლების ყველა შტოს ერთპიროვნულ კონტროლს და იქნება სტიმული თანამშრომლობის და კოალიციური წესით ხელისუფლებების მომავალში დაკომპლექტების", - ნათქვამია განცხადებაში.

საპარლამენტო ოპოზიციიდან მიმართვის ხელმომწერები არიან: „გირჩი“ - იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკური პარტია“ - ხათუნა სამნიძე, „სახელმწიფო ხალხისთვის“ - ნიკა მაჭუტაძე, ხოლო არასაპარლამენტო პარტიებიდან განცხადებას ხელს აწერენ: „ევროპელი დემოკრატები“ - პაატა დავითაია, „ერთიანი საქართველო“ - ნინო ბურჯანაძე, „თავისუფალი საქართველო“ - კახა კუკავა, „თავისუფლება“ - მალხაზ გორგასლიძე, „სამართლიანობისთვის“ - ეკა ბესელია, „სამოქალაქო უფლებებისათვის“ - ზურაბ ხარატიშვილი, „ტრიბუნა“ - დავით ჭიჭინაძე, „ქართული არჩევანი“ - ბეჟან გუნავა და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - გოჩა ჯოჯუა.

მმართველი პარტია მზადაა განახორციელოს საკონსტიტუციო ცვლილებები და 2024 წლისა და ყველა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 5 პროცენტიდან 2 პროცენტამდე დაწიოს, თუ ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამის შესახებ მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება. ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე", - თქვა კობახიძემ.

მან მედიას უთხრა, რომ საარჩევნო ბარიერი არ არის ევროკავშირის მიერ დაყენებულ 12 პირობას შორის და ამიტომ არ გეგმავენ მისი დაწევის კონსტიტუციური ცვლილების განხორციელებას მანამ, სანამ არ იქნება მიღებული ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ.

საქართველოს პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც "ქართული ოცნებაა", არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 2021 წლის 7 სექტემბერს მიიღო. ამ დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები 2-პროცენტიანი ბარიერით უნდა ჩატარებულიყო. ამავე დოკუმენტის მიხედვით, უმჯობესდებოდა საპარლამენტო ოპოზიციის მდგომარეობა - ფრაქციის შექმნას შეძლებდა ოთხი დეპუტატიც - დღეს ამისთვის შვიდი დეპუტატია საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG