Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაველაშვილი დეგნანს: ომში ჩართვის ნარატივი თქვენგან დაფინანსებული ადამიანებისგან მოდის


მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის დეპუტატი
მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის დეპუტატი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს საყვედურის შინაარსით წერილს სწერს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური (ეფესბე) სამსახურიდან, არამედ აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისგან ისმის. მიხეილ ყაველაშვილის წერილი კვლავ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"რამდენიმე დღის წინ თქვენ ბრძანეთ, ვინც ამტკიცებს, რომ ამერიკას საქართველოში ომი უნდა, ეფესბეს მზაკვრულ ნარატივს ახმოვანებსო. რა თქმა უნდა, სრულად დაგეთანხმებოდით, რომ არა იმ ადამიანების წარსული და ახლანდელი კავშირები, რომლებიც უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველოში ომის იდეის გაღვივებასა და რეალიზებას ცდილობენ...

ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა ეფესბეს სახელმძღვანელოებში, არამედ თქვენგან დაფინანსებული თუ თქვენთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან თქვენ არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ.​

​რატომ უწყობენ ხელს თქვენი დაფინანსებული თუ თქვენს მიერ მოწონებული ენჯეოები, პარტიები და ტელევიზიები საქართველოში ეფესბეს ნარატივის გამყარებას, ჩემთვის სრულიად გაუგებარია", - წერს ყაველაშვილი.

მაშინ, როცა მმართველი პარტიის ლიდერები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერმიღებას პირდაპირ უკავშირებენ იმას, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო, "ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" წამოსული ყაველაშვილი სამოქალაქო სექტორის იმ წარმომადგენლებს ადანაშაულებს ომის დაწყების სურვილში, რომლის საქმიანობაც აშშ-ის საელჩოსგან პოზიტიურად არის შეფასებული.

ყაველაშვილის თქმით:

  • "რაც შეეხება ქართველი "პროამერიკელების" რიტორიკას, პირველ რიგში, საქართველოში ამერიკული ენჯეოების ლიდერს, ეკა გიგაურს გავიხსენებ, რომელმაც ღიად თქვა - "რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთო",
  • "რუსთაველზე გამართულ საპროტესტო პოლიტიკურ აქციებზე, რომლებიც უკრაინისთვის „მეტი დახმარების“ გასაწევად იმართებოდა, განსაკუთრებით აქტიურობდა ნინო ლომჯარია, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ ომბუდსმენი საელჩოს აქტიური მხარდაჭერის შედეგად გახდა";
  • "იგივე ეხება გიორგი მარგველაშვილს, დავით უსუფაშვილს, თამარ ჩერგოლეიშვილს, მიშა მშვილდაძეს და სხვებს, რომელთა ომში ჩართვისკენ მიმართული რიტორიკა ხალხის თვალში თავიდან ბოლომდე თქვენთან ასოცირდება. და ასეთ დროს, თქვენ რომ ამ ადამიანებს არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ საქართველოს "პროამერიკულ" საზოგადოებას სწორედ თქვენ ალაპარაკებთ".

"ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არ ემიჯნებით იმ ადამიანების მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შესახებ, რომლებსაც თქვენ აფინანსებთ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ამ ადამიანების ქცევაზე ზემოქმედების სრული ბერკეტი გაქვთ. როგორც ცნობილია, ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. როდესაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ სულ მცირე, ამ მოთხოვნას მხარს უჭერთ, უარეს შემთხვევაში კი, ისინი ფიქრობენ, რომ ეს მოთხოვნა, სულაც, თქვენი მოფიქრებულია", - წერს ყაველაშვილი.

დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც 28 ივნისს დატოვეს მმართველი "ქართული ოცნების" რიგები, 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად ამ დეპუტატებს "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" აქვთ დასახელებული.

უფრო ადრე, 14 ივნისს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ყოფილი თუ მოქმედი დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებები, შესაძლოა, მოსახლეობას უქმნიდეს განცდას, რომ აშშ-ის საქართველოს ომში ჩართვა სურს. დეპუტატმა დაასახელა კონკრეტული გვარებიც და თქვა, რომ მართალია, ისინი არ არიან აშშ-ის მოქმედი პოლიტიკოსები, თუმცა საზოგადოებრივი აზრის შექმნა შეუძლიათ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული მოსაზრება, რომ საქართველოს ომში ჩართვა სურთ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შემუშავებული ნარატივია. მისი თქმით, ამ ნარატივის გასავრცელებელი გეგმის ნაწილი იყო "ქართული ოცნებიდან" სამი დეპუტატის: დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარისა და მიხეილ ყაველაშვილის გამოყოფა.

100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, ეს განცხადება კი აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა 13 ივნისს გააკეთა. მსგავსი იყო ელჩის განცხადება 30 ივნისსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG