Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ემპათიის" კონსილიუმის ექიმი: სააკაშვილის ასეთი მკურნალობა შედეგს არ მოგვცემდა, ვამბობდით


ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი და ექიმი ოთარ თოიძე
ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი და ექიმი ოთარ თოიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "ემპათიის" კონსილიუმის წევრი, ექიმი ოთარ თოიძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაავადებები პროგრესირებს და სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას, გაუმჯობესების კუთხით, შედეგი არ მოჰყოლია. თოიძემ მედიასთან კლინიკა "ვივამედთან" ისაუბრა, სადაც მიხეილ სააკაშვილი მკურნალობს.

"ის, რომ მკურნალობა ასეთი ტემპით და ასეთი საშუალებებით არ მოგვცემდა შედეგს, ამაზე ნათქვამი იყო ჩვენი ყველა ვიზიტის დროს, დაწყებული პირველი ვიზიტიდან, რომელიც იყო გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში.

მას შემდეგ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ დაავადებების ასეთი განკურნება ამ პირობებში შეუძლებელია. ციხის პირობები მაქვს მხედველობაში. ის იმყოფება ახლა საპატიმრო პირობებში, განსხვავება არ არის, ის იქნება რუსთავში თუ აქ. უბრალოდ, აქ კვალიფიციური პერსონალი უფრო მობილიზებულია, მეტი საშუალებები აქვთ", - თქვა "ემპათიის" კონსილიუმის წევრმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გამთენიისას დააბრუნეს.

მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" თანამშრომლები ამბობდნენ, რომ აუცილებელი იყო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ვერ დასრულდა რეაბილიტაციის პროცესი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან თბილისში არსებულ სამოქალაქო კლინიკაში, "ვივამედში" მკურნალობს.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მდგომარეობის შესასწავლად, ცენტრმა "ემპათიამ" სასამართლოსგან მიხეილ სააკაშვილის მონახულებისა და მისთვის კვლევების ჩატარების უფლება მიიღო. კონსილიუმის წევრები დასკვნას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG