Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტექნიკის სიმცირის გამო, ახალგორის მაღალმთიანი სოფლებისკენ გზის გაწმენდა ვერ ხერხდება


ახალგორის რაიონი
ახალგორის რაიონი

ოკუპირებული ახალგორის რაიონში მაღალმთიანი სოფლების ნაწილი გარესამყაროს ისევ მოწყვეტილია. დე ფაქტო ადმინისტრაციის კომუნალური სამსახურის თანამშრომლები კი აგრძელებენ მუშაობას წყალდიდობის შედეგად დაზიანებული და ჩახერგილი გზების აღსადგენად. ამის შესახებ სააგენტო „რეს"-ს ოკუპირებული ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციაში განუცხადეს.

პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია, მაგრამ კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს სამშენებლო ტექნიკის სიმცირის გამო სირთულეები ექმნებათ. ჯერ ისევ აღსადგენია სოფელ ბალაანის ზემოთ მდებარე სოფლებისკენ მისასვლელი გზები. „სპეციალური ტექნიკის უქონლობის გამო, სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ვერ განხორციელდება და ამ მიზეზით, ბალაანის დასახლების ზემოთ მდებარე სოფლებთან სატრანსპორტო კავშირები ჯერ არ არის აღდგენილი, მოსახლეობა ფეხით დადის რაიონულ ცენტრამდე", - განაცხადეს პრესსამსახურში.

დე ფაქტო ადმინისტრაციაში დასძინეს, რომ რაიონის საბინაო-კომუნალური სამსახურების თანამშრომლებს სოფელ ქურთაში საფეხმავლო ხიდის აღდგენის ხარჯთაღრიცხვის მომზადებაც მოუწევთ.

ივნისის შუა რიცხვებში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად წამოსულმა ღვარცოფებმა მაღალმთიანი რეგიონების გზები ჩაკეტა. ასევე რამდენიმე დღით დაკეტილი იყო როკის გვირაბი, სტიქიამ მთებიდან ქვათა ცვენა და მეწყრები გამოიწვია. ახალგორშიც სოფლების დიდი ნაწილი გარესამყაროს მოსწყდა. თითქმის ერთი თვის განმავლობაში კი, ადგილზე ტექნიკის არარსებობის გამო, სამუშაოების დასრულება ვერ ხერხდება.

XS
SM
MD
LG