Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილი რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნაზე - არანაირი დღის წესრიგი არ აქვთ


შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართავს, არანაირი დღის წესრიგი არ აქვს და რაზეც ისინი საუბრობენ, არის რადიკალიზაციის სურვილი. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან კომენტარში თქვა.

უკვე იმდენი ხანია ამაზე საუბრობენ, მალე მოვა მორიგი სესია და მგონი, მორიგ სესიამდე ვერ შეთანხმდებიან, მარტივი მიზეზის გამო, რომ დღის წესრიგი არ გააჩნიათ ამ სესიისთვის. რაზეც ისინი საუბრობენ, არის უბრალო რადიკალიზაციის სურვილი. რაც შეეხება ხელმოწერებს, ოპოზიციის ლამის ნახევარი საზღვარგარეთ არის. ამიტომ არ მგონია, მათ ჰქონდეთ რიგგარეშე სესიის მოწვევის რეალური გეგმა. შინაარსი ამ სესიას არ გააჩნია არანაირი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისი სიტყვებით, ოპოზიცია უმრავლესობის გარეშე ვერანაირ კანონს ვერ მიიღებს. „მათ ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ იყვნენ იმ სამუშაო პროცესის მონაწილე, რომელიც ახლა მიმდინარეობს ყოველდღიურად, არ აქვთ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ოპოზიციის ნაწილი არ მონაწილეობს პარტია "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებულ პროცესში, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილების მომზადებას უნდა მოემსახუროს.

დღეს, 13 ივლისს, ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ და ექვსმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოსაწვევად მიმართეს. მათ მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების მიხედვით, ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას, რაც საქართველოს მოქალაქეებმა, ევროკავშირმა და ევროკომისიამ დააკისრეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად და პრეზიდენტს მიმართავენ, პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვიოს 2022 წლის 18 ივლისიდან.

მათი მოსაზრებით, რიგგარეშე სესიაზე ის საკითხები უნდა დაისვას, რომლებიც წევრობის კანდიდატობის სტატუსისთვის ევროკავშირის მოთხოვნების სწრაფად შესრულებას უზრუნველყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG