Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მარცვლეულის თაობაზე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე წინსვლა აღინიშნება


მოლაპარაკებები სტამბოლში

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დელეგაციებმა 13 ივლისს სტამბოლში პირისპირ გამართეს მოლაპარაკებები უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის კრიზისზე, რომელმაც მსოფლიოში სურსათის ფასების სწრაფი ზრდა გამოიწვია.

თურქეთის სამხედროები და გაეროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ შეხვედრაში, რომლის მიზანია, უკრაინის პორტებით საექსპორტოდ გავიდეს ქვეყნის სილოსებში გაჩერებული მარცვლეული. უკრაინის შავიზღვისპირა პორტები რუსეთის ბლოკადაში იმყოფება.

ეს ოთხ დღეზე დაგეგმილი მოლაპარაკებების პირველი დღე იყო.

როგორც თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ „ერთობლივი კონტროლის“ შესახებ და შავ ზღვაზე „სატრანზიტო მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე“. მომავალ კვირაში შეხვედრის შემდეგ „ყველა დეტალს კიდევ ერთხელ განიხილავენ და ჩვენ მიერ ჩატარებული სამუშაო ხელმოწერილ იქნება“, - დასძინა აკარმა.

„იმედის სხივი კრიზისებით ჩაბნელებულ მსოფლიოში“ - ასეთი კომენტარი გააკეთა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

მისი თქმით, გადადგმულია „დიდი ნაბიჯი წინ“ უკრაინის სასურსათო პროდუქტების ექსპორტის უზრუნველსაყოფად.

გუტერეშმა ნიუ-იორკში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო შეთანხმება მომავალ კვირაში იქნება მიღწეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG