Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არ ვაპირებ იაფი გაზის სანაცვლოდ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას", - მოლდოვის პრეზიდენტი


მაია სანდუ, მოლდოვის პრეზიდენტი
მაია სანდუ, მოლდოვის პრეზიდენტი

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვა ამ ზამთარს ენერგოდაზოგვის რეჟიმისთვის უნდა მოემზადოს, რაც იმით ახსნა, რომ "არ აპირებს ქვეყნის ნაწილის გაყიდვას" რუსეთიდან იაფი გაზის მიღების სანაცვლოდ.
13 ივლისს სახელმწიფო ტელეკომპანია Moldova 1-ის ეთერში, მაია სანდუმ აღნიშნა, რომ არ ნანობს, რომ არ წავიდა მოსკოვში ბუნებრივი აირის ფასზე მოსალაპარაკებლად, რადგან მთავრობამ დადო ისეთი კონტრაქტი, როგორიც შეეძლო.

"არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმიტომ, რომ ექვსი თვის განმავლობაში იაფი გაზი გვქონდეს. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია და ეს უნდა დავიცვათ. დიახ, ახლა გვიჭირს, ყველას გვიჭირს. თუნდაც იმიტომ, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არ ვეძებდით ალტერნატივას, არ ვახორციელებდით ინვესტიციებს ენერგეტიკულ პროექტებში - იმიტომ, რომ მაშინ არ ვიყავით დაინტერესებული. ხოლო პროექტები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, შედეგს 4-5 წელიწადში მოიტანს", - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა, რომლის სიტყვები გამოცემა NewsMaker-სა და "უკრაინსკა პრავდას" მოჰყავთ.

მოლდოვის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ყოფილი მმართველი, ამჟამად კი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც თავის დროზე ვერ შეძლეს რუსულ კომპანია "გაზპრომთან" გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება და არ იზრუნეს არც ენერგოსექტორის განვითარებაზე.

მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, მთავრობა მუშაობს კომპენსაციის მექანიზმზე. კერძოდ, შეიქმნება ფონდი დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეების მხარდასაჭერად. გარდა ამისა, მოლდოვის მთავრობა კვირის ბოლოს ევროკავშირთან აპირებს განიხილოს ფინანსური დახმარების საკითხი.

XS
SM
MD
LG