Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩემმა შვილმა გადაწყვიტოს“ - როცა საცხოვრებლად უკან დაბრუნება გიჭირს


ბათუმში, 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში დღეს სიცარიელეა. ჯერ კიდევ შარშან, ამ დროს, იქ 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლი იდგა. 2021 წლის 8 ოქტომბერს, დღისით, სახლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა და 9 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. სხვები იმან გადაარჩინა, რომ სამსახურში ან სკოლაში იყვნენ, ან რაღაც სხვა მიზეზით იყვნენ სახლიდან გასული.

ჩამონგრეული სადარბაზო ბათუმში. 2021 წლის 8 ოქტომბერი.
ჩამონგრეული სადარბაზო ბათუმში. 2021 წლის 8 ოქტომბერი.

მოგვიანებით ბათუმის მერიამ, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სახლის დარჩენილი ნაწილიც დაშალა. ჩამონგრეულ სადარბაზოში ბინა 11 ოჯახს ჰქონდა. დემონტაჟის შემდეგ, სახლის გარეშე დარჩა კიდევ 30-ზე მეტი ოჯახი. მათ დროებითი საცხოვრებლის ქირას ბათუმის მერია უხდის. მუნიციპალიტეტი 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში ახალი სახლის მშენებლობას გეგმავს და, როგორც მერიაში ამბობენ, 47-ივე ოჯახი მიიღებს იმხელა ბინას, რამხელაც სახლის ჩამონგრევამდე ჰქონდა.

„მოგონებებს ვერ წავშლი, მამა“

ტრაგედიის შემდეგ, 26 მაისის ქუჩაზე აღარ გაუვლია გია შომახიას. 2021 წლის 8 ოქტომბერს მას ცოლი და მცირეწლოვანი შვილი დაეღუპა. ახალი კორპუსის აშენების შემთხვევაში, 60 კვადრატულ მეტრ ბინას მისცემენ. გია შომახია საცხოვრებლის შეცვლაზე ფიქრობდა, თუმცა, ძველ მისამართზე ცხოვრების გაგრძელება მისმა 15 წლის შვილმა მოინდომა:

„ძალიან მიჭირს. ბავშვის გარეშე არაფერს ვწყვეტ. დავაყენე ეს საკითხი და ბავშვმა, მე მგონი, სწორადაც მითხრა - მე მოგონებებს ვერ წავშლი, მამაო“.

გადმოწერა

გია შომახია ამბობს, რომ ბავშვი სტრესიდან ჯერ ბოლომდე არ გამოსულა.

„ჩემმა შვილმა უნდა გადაწყვიტოს“

26 მაისის ქუჩაზე გავლას თავს არიდებს რამაზ დავლაძეც,

არანაირი შეხება აღარ მაქვს იქაურობასთან, რაც ძალიან მიმძიმს და ძალიან მიჭირს. ჩემმა შვილმა უნდა გადაწყვიტოს.

რომელიც ბავშვობიდან იქ ცხოვრობდა. კორპუსის ნანგრევებმა მისი ორი შვილი და ძმა მოიყოლა. სამივე ადგილზე დაიღუპა. ცოლი ნანგრევებიდან 10 საათის შემდეგ ამოიყვანეს, თუმცა, ახალგაზრდა ქალი მიღებული ტრავმების გამო, მალევე საავადმყოფოში გარდაიცვალა. რამაზ დავლაძე ერთადერთ გადარჩენილ შვილთან ერთად ახლა ქალაქის მეორე ბოლოში ცხოვრობს.

უკან დაბრუნების მოლოდინში

2021 წლის 8 ოქტომბერს მაშველებმა გადაარჩინეს ზვიად თავდგირიძე, რომელიც ნანგრევებში 11 საათის განმავლობაში იყო მოყოლილი. ისიც, დღემდე უმკლავდება უმძიმეს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ტრავმებს. ტრაგედიის მომენტში სახლში მხოლოდ ზვიადი იყო. მშობლები სამსახურში იყვნენ, ცოლმა კი, სახლის ნგრევამდე ცოტა ხნით ადრე, ორი მცირეწლოვანი შვილი სასეირნოდ წაიყვანა. ზვიადის დედა, ნარგიზ ბერიძე ძველ მისამართზე სახლის მშენებლობის დასრულებას ელოდება. გვეუბნება, რომ 6-წევრიანი ოჯახი ნაქირავებ ბინაში ვიწროდ ცხოვრობს. 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში ოჯახს 200 კვადრატული მეტრი ბინა ჰქონდა:

„იმედია, შესაბამის ფართს მომცემენ. ორი სახის პროექტია, როგორც ვიცი, მაგრამ ჯერ ტენდერი, მგონი, არც არის დასრულებული. ასე რომ, ჯერ არაფერი არ ვიცით“.

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე 2021 წლის 8 ოქტომბერს სახლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა და 9 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე 2021 წლის 8 ოქტომბერს სახლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა და 9 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბათუმის ვიცე-მერმა ლევან დავითაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ახალი სახლის ასაშენებლად საპროექტო ტენდერი გამოცხადებულია და პროექტის დეტალებს ყველა ეტაპზე დაზარალებულ ოჯახებს შეუთანხმებენ:

„ოქტომბრის ბოლოს მაქსიმუმ, გვექნება პროექტი. ამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად გვეცოდინება, რა დაჯდება ბიუჯეტურად მშენებლობის ნაწილი. შესაბამისად, მოხდება ტენდერის გამოცხადება უკვე მშენებლობაზე. ალბათ, ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და სადღაც, დეკემბერში ვიმედოვნებთ, რომ გვეყოლება კონკრეტული გამარჯვებული“.

მშენებლობის დასრულებას, რომელიც ჯერ არ დაწყებულა, ბათუმის მერიაში 2024 წლის ბოლოსთვის ვარაუდობენ.

26 მაისის ქუჩა, ბათუმი.
26 მაისის ქუჩა, ბათუმი.

2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმის 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში, 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს ჩამონგრევის მიზეზად, გამოძიებისას ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაასახელა პირველ სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისას შენობის საყრდენი კედლის მოშლა. ტრაგედიიდან 10 თვის შემდეგ, 2022 წლის ივლისის დასაწყისში ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა 3 ბრალდებულის პროცესი. ბინის მფლობელს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა, სამუშაოების შემსრულებელ მამა-შვილს კი, 3-3 წლით პატიმრობა. მათი ადვოკატები პროცესის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელებას აპირებენ. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ტრაგედიის მიზეზი კორპუსზე არსებული უკანონო მიშენებები იყო. გია შომახია და რამაზ დავლაძე კი, რომლებმაც 2021 წლის 8 ოქტომბერს ოჯახის წევრები დაკარგეს, მიიჩნევენ, რომ სასამართლომ ბრალდებულთა მიმართ მსუბუქი სასჯელი გამოიყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG