რადიო თავისუფლების სომხური სამსახური, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ ხვალ, 16 ივლისს, თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის შესახებ მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც განაცხადა.
"ხვალ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან. ეს მინისტრების პირველი შეხვედრაა და იმედი გვაქვს, რომ შედეგი იქნება", - განაცხადა მან ბაქოში გამართულ შეხვედრაზე.
აზერბაიჯანმა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების მოსამზადებლად საკუთარი სამუშაო ჯგუფი შექმნა, აღნიშნა ალიევმა.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაისში დუშანბეში სამმხრივი შეხვედრა გამართეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის მონაწილეობით.
სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს სამმხრივი დეკლარაციების შეთანხმებების შესრულების პროგრესი, რეგიონული კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების განბლოკვა, საზღვრის დემარკაციისა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე კომისიის შექმნა და იმ შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგებას უნდა მოემსახუროს.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისი დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგანაც ელოდება.