დიპლომატიური უთანხმოება მოჰყვა ხორვატიის მთავრობის გადაწყვეტილებას დაებლოკა სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის კერძო ვიზიტი ყვავილების მისატანად მეორე მსოფლიო ომის საკონცენტრაციო ბანაკის ადგილას, სადაც ხორვატიის პრონაცისტურმა მესვეურებმა ათი ათასობით სერბი და სხვა ხალხების წარმომადგენლები დახოცეს.
ხორვატიის ხელისუფლებამ 17 ივლისს გამოაცხადა, რომ არაოფიციალური არხებით შეიტყო ვუჩიჩის დაგეგმილ ვიზიტზე ყოფილ იასენოვაცის ბანაკთან, და რომ ამგვარი ვიზიტი უნდა იყოს "ნაწილი ორ მხარეს შორის მოლაპარაკებისა".
"სახელმწიფოს პრეზიდენტი დაცული პირია. ამგვარ ვიზიტს ხორვატიის მთავრობის ჩართულობა ესაჭიროება" - უთხრა ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გორდან გრლიჩ-რადმანმა ჟურნალისტებს.
სერბეთის ხელისუფლებამ ამას მყისიერად უპასუხა, ქვეყნის ტერიტორიაზე სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებით ხორვატიის ოფიციალური პირებისთვის. "დღეიდან ხორვატიის ყველა ოფიციალურმა პირმა, ოფიციალური ან დიპლომატიური პასპორტების ყველა მფლობელმა კონკრეტულად უნდა გამოაცხადოს და ახსნას მათი ვიზიტი ან ტრანზიტი სერბეთზე და მათ კონტროლის საგანგებო რეჟიმი დაუწესდება" - ამბობს სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდარ ვულინი.
სერბეთის პრემიერ-მინისტრი, ანა ბრნაბიჩი ამბობს, რომ ვუჩიჩს იასენოვაცის ბანაკთან კერძო ვიზიტის განხორციელება სურდა, მაგრამ მან იქ ჩასვლა გადადო სერბეთსა და ხორვატიას შორის "კარგი ურთიერთობებისთვის".