Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ურზულა ფონ დერ ლაიენს: ჩემი თხოვნაა, კომისია გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის პერსონიფიკაციას


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ურზულა ფონ დერ ლაიენი ევროკომიის პრეზიდენტი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ურზულა ფონ დერ ლაიენი ევროკომიის პრეზიდენტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი წერილს წერს ევროკომისიის პრეზიდენტს ურზულა ფონ დერ ლაიენს. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ წერილში ღარიბაშვილი ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს მიღებულ რეზოლუციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის „უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს“ და საჭიროების შემთხვევაში მზად არის დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

ღარიბაშვილი რეზოლუციის იმ ნაწილს ეხება, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილსადმი სანქციების დაკისრების განხილვას შეეხება იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შეასრულა.

"ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არცერთი ფაქტი, ის საქართველოში აღარ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი თუ საქმიანი კავშირის რაიმე პრეცედენტი. შესაბამისად, ყველაფერი, რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა, - წერს ღარიბაშვილი.

ის ამბობს, მისთვის პირადად შეურაცხმოყოფელია ბრალდებები „არაფორმალური მმართველობის შესახებ“

საუბარი იმაზე, რომ მთავრობა რეალურად არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პოლიტიკიდან წელიწადნახევრის წინ საკუთარი ნებით გასული ადამიანის მიერ იმართება, შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის“,- წერს ღარიბაშვილი.

მისი თქმით რეზოლუციის ჩანაწერებს ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საქართველოში პოლარიზაციის კიდევ უფრო გასაღრმავებლად იყენებს

ასევე, რეზოლუცია პირდაპირ იქნა გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად. შესაბამისად, ბანკი ევროპარლამენტის დოკუმენტს იყენებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანონიერი უფლებების შესალახად, რაც, ასევე, ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს“.

ღარიაბაშვილის განცხადებით ევროპარლამენტის რეზოლუციის უარყოფითი გავლენის გასანეიტრალებლად, მნიშვნელოვანია, ევროპულმა კომისიამ მკაფიო პოზიცია გამოხატოს რეზოლუციაშია გამოთქმული ბრალდებების მიმართ რათა „ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს და ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლარიზაციის გაღვივებისთვის არ გამოიყენოს“.

ირაკლი ღარიბაშვილიეხება დეოლიგარქიზაციის ცნებას, რომ ეს შეფასების დოკუმენტში საქართველოს, მოდოვისა და უკრაინის მიმართ თანამბრადაა გამოყენებული, თუმცა მისი სიტყვბით, ამ ჩანაწერს საქართველოს ხელისუფლების ოპონენტები და ევროპარლამენტში მათი ლობისტები იყენებენ ისე, თითქოს ევროპულმა კომისიამ დეოლიგარქიზაციის დათქმა დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო შეიტანა.

"იმისათვის, რომ ევროპული კომისიის შეფასების დოკუმენტი არ იქნეს გამოყენებული მანიპულაციისა და საქართველოს მმართველობის სისტემის დისკრედიტაციისთვის, ჩემი თხოვნაა, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. ამ შემთხვევაშიც, ევროპული კომისიის პოზიციის სიცხადე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ქართულ საზოგადოებაში შევინარჩუნოთ მაღალი ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ და ხელი შეეწყოს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას საქართველოში",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

17 ივნისს კი ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოლიგარქები არიან ტელეკომპანია "ფორმულის" ერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და არა მათი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

ოლიგარქია, ("ოლიგონ“ — ცოტა და „არქე“ — ძალაუფლება) ბერძნული სიტყვაა და კლასიკური გაგებით, პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ძალაუფლებასა და მათ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბატონობას ნიშნავს. ეს ჯგუფი ძალაუფლებას საკუთარი, ვიწრო ინტერესებისთვის იყენებს. კემბრიჯის ლექსიკონის განმარტებით კი ოლიგარქი უაღრესად მდიდარი და ძალაუფლების მქონე ადამიანია, განსაკუთრებით რუსეთიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დასასრულის შემდეგ გამდიდრდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG