Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გადააყენა


უკრაინის პრეზიდენტმა 17 ივლისს მიიღო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ივან ბაკანოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება
უკრაინის პრეზიდენტმა 17 ივლისს მიიღო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ივან ბაკანოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება

უკრაინის პარლამენტმა, ვერხოვნა რადამ 265 ხმით დააკმაყოფილა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ივან ბაკანოვის გათავისუფლების შესახებ. ზელენსკის გადაწყვეტილებას პარლამენტში მოწინააღმდეგეები არ ჰყოლია. ვერხოვნა რადა იმსჯელებს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ირინა ვენედიქტოვას გათავისუფლებაზე პრეზიდენტისთვის თანხმობის მიცემის საკითხზეც.

უკრაინის პრეზიდენტმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ ივან ბაკანოვს და ირინა ვენედიქტოვას ათავისუფლებს უსაფრთხოების სამსახურის და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელთა თანამდებობებიდან. ზელენსკიმ მიზეზად დაასახელა სამართალდამცავ სტრუქტურებში სახელმწიფო ღალატის და კოლაბორაციონიზმის ფაქტების სიმრავლე. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, პროკურატურის და უსაფრთხოების სამსახურის 60-ზე მეტი თანამშრომელი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა და უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ივან ბაკანოვმა განაცხადა, რომ დაკავებული იყო საქმით და არა პიარით. მიმართვაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებსაიტზე, ბაკანოვი აღნიშნავს, რომ 3 წლის განმავლობაში ბევრს მიაღწიეს. მათ შორის ასახელებს პუტინის ნათლიმამის, ოლიგარქ მედვედჩუკის დაკავებას, სახელმწიფო სტრუქტურებში უცხოეთის აგენტების მასობრივად გამოვლენას, პრორუსულ პარტიებთან და მტრულ პროპაგანდასთან ბრძოლას და მიტაცებული სახელმწიფო ქონების დაბრუნებას.

ივან ბაკანოვის განცხადებითვე, ბუნებრივია, იყო ხარვეზებიც, მაგრამ რთულია რამდენიმე წელიწადში შეცვალო სისტემა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში განიცდიდა განუსაზღვრელი რესურსების მქონე ძლიერი და ვერაგი მტრის გავლენას. უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი იმასაც წერს, რომ რუსეთი კიევის აღებას სამ დღეში აპირებდა და მისი ეს გეგმა დიდწილად ეფუძნებოდა აგენტურულ ქსელს, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურმა დაუპირისპირა ნეიტრალიზაციის მკაფიო სისტემა.

დღეს, 19 ივლისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თანამდებობებიდან გაათავისუფლა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ვოლოდიმირ გორბენკოც და ამ სამსახურის რამდენიმე, მათ შორის სუმის, დნეპროპეტროვსკის და ჟიტომირის სამმართველოების ხელმძღვანელები.

უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება დაავალა ბაკანოვის პირველ მოადგილეს ვასილი მალიუკს, რომელიც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-ს ინფორმირებული წყაროების თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ანდრიი ერმაკთან დაახლოებული პირია. გამოცემა ჯერ კიდევ ივნისში წერდა, რომ ბაკანოვს და ერმაკს კონფლიქტი ჰქონდათ პრეზიდენტ ზელენსკიზე გავლენის მოსაპოვებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG