Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ელჩი საქართველოს მოსახლეობას ემშვიდობება: მომავალ შეხვედრამდე


კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მოსახლეობას ვიდეომიმართვით ემშვიდობება და მადლობას უხდის იმის გამო, რომ ამ პერიოდში "საქართველოს ნაწილად იქცნენ". ვიდეომიმართვა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ფეისბუკგვერდზე ვრცელდება.

"დიდი მადლობა იმისათვის, რომ საქართველოს ნაწილად გვაქციეთ, იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი. საქართველო საოცარი, უნიკალური ქვეყანაა. თქვენ წინაპრების მხრებზე დგახართ, იმ ბუმბერაზების, რომლებმაც იბრძოლეს ამ ქვეყნისთვის, ტრადიციებისთვის, კულტურისთვის, ენისა და მემკვიდრეობისთვის....

თქვენი ენერგია და სულისკვეთება აღმაფრთოვანებელია და როდესაც დადგება ის დღე, როდესაც მთელი ეს ენერგია ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული, თქვენ ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ. მომავალ შეხვედრამდე", - თქვა კარლ ჰარცელმა.

მან მიმართვაში ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, რომელიც ქვეყანამ გასულ თვეს მიიღო.

"თქვენ ალბათ იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ვიცოდი მეც და იცოდა საქართველოს ბევრმა სხვა მეგობარმაც, თუმცა არ შეიძლება არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა.

მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი და გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა. საქართველოც იღებდა მონაწილეობას იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომ, გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში", - ამბობს ელჩი.

ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობას საქართველოში ელჩი კარლ ჰარცელი 2018 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს, უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა მას მიმდინარე წლის სექტემბერში ეწურება.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაველ ჰერჩინსკი დაასახელა.

პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია. მანამდე მას პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩის თანამდებობა ეკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG