Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციას არღვევს


საქართველოს პრეზიდენტი სალომოე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომოე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა. ამასთან, პრეზიდენტმა ილაპარაკა ევროპაში ვიზიტების შესახებ და აღნიშნა, რომ იძულებული გახდა, ოფიციალური ვიზიტის ნაცვლად, კერძო ვიზიტით ჩასულიყო.

„მე შევასრულე ის მუხლი კონსტიტუციის, რომელიც მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო რაც ჩემს შესაძლებლობაში არის, 78-ე მუხლი კონსტიტუციის. ყველაფერი გავაკეთო, რაც ჩემს შესაძლებლობაში არის, იმისთვის, რომ წინ წავწიო ევროინტეგრაცია. სხვათა შორის, ამ მუხლს ბევრი თავისი გამოსვლით არღვევს სწორედ საპარლამენტო უმრავლესობა", - აღნიშნა ზურაბიშვილმა „პირველ არხთან" ინტერვიუში.

შეკითხვაზე, რას არღვევენ, შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ, ზურაბიშვილმა უპასუხა: „როდესაც ყველაფრის აკეთებ იმისთვის, რომ არ მოხდეს ევროინტეგრაცია, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა".

პრეზიდენტისთვის უცნობია, რატომ არ სურს საპარლამენტო უმრავლესობას ევროინტეგრაცია. „ეს არის ჩემი კითხვა და მინდა გითხრათ, რომ „ოცნების“ ამომრჩევლების, მე ვიტყოდი 80%-ის კითხვა დღეს“, - თქვა მან.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე, გარდამავალ მუხლში (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) ვკითხულობთ: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად".

ოთხგვერდიან განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლიდან მეორე დღეს, 15 მარტს, გამოაქვეყნა, ვრცლად იყო მიმოხილული, თუ რა საკონსტიტუციო დარღვევები ამოიკითხა „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის სიტყვაში.

პირველ რიგში, მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილს შეახსენა, რომ მას არ ექვემდებარება საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული არცერთი სახელმწიფო უწყება.

XS
SM
MD
LG