Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოთვინიერება თუ უფლებამოსილებების გამიჯვნა? - ელჩებზე უარი საკონსტიტუციო სასამართლოში


ირაკლი ღარიბაშვილი, სალომე ზურაბიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი, სალომე ზურაბიშვილი

„ოცნების“ განცხადებით, ელჩების დანიშვნა-გათავისუფლებაში მას პრეზიდენტი ხელს ისე უშლიდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გახდა სარჩელის შეტანა საჭირო, ახლა სასამართლომ უნდა განუმარტოს სალომე ზურაბიშვილს, რომ მისი უფლებამოსილება მხოლოდ სიმბოლურია და მთავრობის პოზიცია უნდა გაითვალისწინოს.

ხელისუფლება ასახელებს ორ დიპლომატს, რომლებთან დაკავშირებითაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობის პოზიციები არ გაითვალისწინა. თუმცა რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პრეზიდენტი და მთავრობა ელჩების თემაზე ერთმანეთს ანგარიშს უკვე დიდი ხანია აღარ უწევენ.

  • არის თუ არა პრეზიდენტი ვალდებული, რომ ბრმად გაიზიაროს მთავრობის პოზიცია საქართველოს ელჩების დანიშვნა-გათავისუფლებაზე?
  • რას ამბობს კონსტიტუცია?
  • რაიმე ფორმით შეუძლია თუ არა პრეზიდენტს, ჩაერიოს მთავრობის საგარეო პოლიტიკაში?

თუკი საზღვარგარეთ პრეზიდენტის შეუთანხმებელ ვიზიტებზე (რაც „ოცნებამ“ კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა) საქმე საკონსტიტუციო სასამართლომდე არ მივიდა, ახალი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს ახლა უკვე ელჩების საკითხზე მიმართა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ კომენტარში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე განმარტავს, რომ „კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს არ ანიჭებს როგორც აღმასრულებელ ძალაუფლებას, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას“ და „პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას“.
„საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

7 ივნისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სარჩელის მიზეზებიც დაუსახელა:

პრეზიდენტმა უარი თქვა აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის, დავით ბაქრაძის დანიშვნაზე გაეროში მუდმივ წარმომადგენლად და ამ პოსტიდან კახა იმნაძის გადაყვანაზე ელჩად კანადაში, რაც, თავის მხრივ, იმნაძისთვის უფლებამოსილების ორი თვით ადრე შეწყვეტას მოითხოვდა.

„აქ რეალობა ძალიან მარტივია, საპარლამენტო რესპუბლიკებში ელჩის დანიშვნის მატერიალური უფლებამოსილება მთავრობას ეკუთვნის ... ერთადერთი, რასაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააკეთებს, ეს არის ნორმის განმარტება ანუ, განმარტავს იმას, თუ როგორ უნდა დაინიშნონ ელჩები, ვისი მატერიალური პრეროგატივაა ელჩების დანიშვნა. ამით შემოიფარგლება საკონსტიტუციო სასამართლო. ეს საქმე იმპიჩმენტის საფუძველი არ გახდება“, - აცხადებს კობახიძე.

თუმცა ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს ჩართვა, თავისთავად, დაპირისპირების გამწვავებაზე მიანიშნებს და პრეზიდენტზე ანგარიშსწორების მორიგ ტალღას ჰგავს.

მხოლოდ 2 ელჩი?

რადიო თავისუფლებისთვის ერთ-ერთი დიპლომატის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი და მთავრობა ბოლო თვეებში საერთოდ ვეღარ ახერხებენ საერთო ენის გამონახვას ელჩების კანდიდატურებთან დაკავშირებით, ერთმანეთს სასურველ კანდიდატებს უბლოკავენ და ახალი ელჩების დანიშვნის პროცესი გაჩერებულია.

ელჩებთან დაკავშირებულ პრობლემებზე კომენტარებს არ აკეთებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. რადიო თავისუფლებამ ამ დრომდე პასუხი ვერც ბოლო თვეების დანიშვნებზე, დაუკომპლექტებელ ვაკანსიებსა და ელჩის ფუნქციის შემსრულებელ დროებით რწმუნებულებზე მიიღო.
თუმცა უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კანადისა და ეთიოპიის შემთხვევაში, ელჩის ნაცვლად, მითითებული არიან საქმეთა დროებითი რწმუნებულები; ხოლო, მაგალითად, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, ნორვეგიის, არგენტინისა და ბრაზილიის შემთხვევაში არც საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია მითითებული და არც საქმეთა დროებითი რწმუნებული.

რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, სულ ბოლოს ახალი ელჩი დანიის სამეფოში დაინიშნა, მაგრამ ნატა მენაბდის კანდიდატურა შეთანხმებული იყო მანამდე, ვიდრე მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობები მკაფიოდ დაიძაბებოდა.

დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 27 აპრილს „საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატა მენაბდემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რწმუნებათა სიგელი ბესასტადირის რეზიდენციაში გადასცა ისლანდიის პრეზიდენტს, გუდნი იოჰანესონს“.

მარტში „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ გასული წლის ივნის-ივლისში და [2022] წელს პრეზიდენტმა, მთლიანობაში, მთავრობის მიერ შერჩეული 5 ელჩი არ დანიშნა და კიდევ ერთის განთავისუფლებაზე თქვა უარი.

„[2-3 კვირის წინ] არათუ უპასუხოდ დატოვა პრეზიდენტმა ეს წარდგინება, პირდაპირ წერილობით უარი აქვს მას ნათქვამი ორი ელჩის დანიშვნაზე და ერთის განთავისუფლებაზე. ეს ყველაფერი არის დოკუმენტურად დადასტურებული“, - ამბობდა 30 მარტს კობახიძე. თუკი ახლა, მაისშიც ამავე სამ იგნორირებულ გადაწყვეტილებაზეა ლაპარაკი, უნდა ვივარაუდოთ, რომ გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ამასობაში უფლებამოსილების ვადაც გაუვიდოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მაშინ „ოცნების“ ხელისუფლებას უპასუხეს, რომ „2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება“.
რადიო თავისუფლებამ ვერ მოახერხა განმარტებების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი 7 ივნისს იტალიაში იმყოფებოდა.

შეუძლია თუ არა პრეზიდენტს ელჩების კანდიდატურების დაბლოკვა?

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პრეზიდენტს ელჩების დანიშვნაზე უარის თქმის უფლება არა აქვს და იმპერატიული მოთხოვნაა, რომ უნდა დანიშნოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატურები.

თუმცა მას მთავრობის სარჩელი არ მოსწონს და დღეს რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობდეს, ამ სარჩელს არ დააკმაყოფილებდა.

„გარდა კონსტიტუციურობისა, არსებობს სამართლიანობის პრინციპი, კანონისა და კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარე. სამართლებრივ სახელმწიფოში ეს დასაშვებია. ინტერპრეტაციის საკითხიც არის.

ჩემი გადაწყვეტილება იქნებოდა შერბილებული და დაფუძნებული იქნებოდა გამართული თანამშრომლობის პრინციპზე... ეს ხომ ერთი სახელმწიფოა. შესაძლოა განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს ან პრეზიდენტს, ან მთავრობას, მაგრამ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ... პრეზიდენტი არა მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურია, ის წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში და ელჩებს როგორ არა აქვთ მასთან ურთიერთობა?!“ - გვეუბნება ავთანდილ დემეტრაშვილი.

მისი შთაბეჭდილებაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პრეზიდენტის „მოთვინიერებას" ცდილობს.

საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად:
საქართველოს პრეზიდენტი:

მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.

ზოგადად, ავთანდილ დემეტრაშვილი მხარს არ უჭერს პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებას და ისურვებდა ლიდერ პრეზიდენტს, მით უფრო, დღეს, როცა მთავრობის შემაკავებელი ბერკეტები არც პარლამენტში ეგულება.

პარლამენტის მიერ 14 აპრილს დამტკიცებული ცვლილებების თანახმად:
  • საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გენერალურ პროკურორს, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალურ აუდიტორს, სახალხო დამცველს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს, თუ ის მიიჩნევს, რომ რომელიმე მათგანის სამართლებრივი აქტით, მოქმედებით ან უმოქმედობით, სრულად ან ნაწილობრივ ხელყოფილ იქნა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება.
  • საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს იმ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას (ან იმ მოქმედების, ან უმოქმედობის არაკონსტიტუციურად ცნობას), რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებამოსილება.

კონსტიტუციონალისტი კონსტანტინე ჩოკორაია თვლის, რომ ელჩების კანდიდატურების შერჩევისას პრეზიდენტის როლი არ არის სიმბოლური და მისი უფლებაა, რომ „დანიშნოს ან არ დანიშნოს ელჩები“, რადგან ის, როგორც სახელმწიფოს მეთაური, თანამონაწილეა საქართველოს საგარეო პოლიტიკის.

მეორე მხრივ, ჩოკორაია სიმართლის „გარკვეულ მარცვლებს“ მთავრობის პოზიციაშიც ხედავს, რადგან საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და საგარეო პოლიტიკაზე მთავრობაა პასუხისმგებელი; თუმცა, „მთლიანად არ უნდა გამოიშიგნოს პრეზიდენტის ინსტიტუტი“ და „ჩვენი კონსტიტუციური კონფიგურაციით“, ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღება.

ჩოკორაია მოელის, რომ ახლა უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, მთავრობა გაიძლიერებს ბერკეტებს - საქართველოში მოქმედი ინსტიტუტების გასაკონტროლებლად.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჯერ მარტო „წმინდა პროფესიონალური თვალსაზრისით, წესით, ძალიან საინტერესო უნდა იყოს მთავრობისთვის პრეზიდენტის აზრის გაგება“, რადგან მას საქართველოს მთავრობაში არავინ ეგულება სალომე ზურაბიშვილზე „უფრო გამოცდილი საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში“.

ვალერი ჩეჩელაშვილი უხერხულსა და უადგილოს უწოდებს დღეს შექმნილ ვითარებას, როცა „ქართული ოცნება“ [2018 წლის] არჩევნებზე ასე ძლიერად მხარდაჭერილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

ექსპერტი გვეუბნება, რომ საქართველოს დღეს საგარეო ასპარეზზე „კონკრეტული ფიგურების კონკრეტულ ადგილებზე დანიშვნაზე“ უფრო დიდი პრობლემები აქვს გადასაჭრელი, რაც, მათ შორის - საგარეო პოლიტიკურ ხედვას, სტრატეგიებსა და ამ სტრატეგიების განხორციელების მექანიზმებს უკავშირდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG