Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა დაასახელა უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის შეთანხმების ხელმოწერის დრო და ადგილი

ხორბლის ყანა კიევის მახლობლად. 2022 წლის ივნისი
ხორბლის ყანა კიევის მახლობლად. 2022 წლის ივნისი

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 22 ივლისს სტამბოლში ხელი მოეწერება საზღვაო გზით უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის განახლების შეთანხმებას. ადმინისტრაციის თანახმად, ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში. სააგენტო „ანადოლუ“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ასახელებს ხელმოწერის დროს და ადგილს - თურქეთის დროით 16:30 საათი, სტამბოლის დოლმაბაჰჩეს სასახლე.

გაეროს გენერალური მდივნის ოფისში დაადასტურეს, რომ ანტონიუ გუტერეში თურქეთში მიემგზავრება, თუმცა, არ უთქვამთ, რომ შეთანხმების ხელმოწერა უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილია. გასულ ღამით, უკრაინულმა გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“-მ გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ოლეგ ნიკოლენკოს კომენტარი, რომ თურქეთში მოლაპარაკების შედეგად, 22 ივლისს შესაძლოა, გაფორმდეს დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მხარეთა ვალდებულებებს შავ ზღვაში საექსპორტო მარშრუტების უსაფრთხო ფუნქციონირების შესახებ.

ნიკოლენკოს თქმით, უკრაინის დელეგაცია მხარს დაუჭერს მხოლოდ ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც გარანტირებული იქნება ქვეყნის სამხრეთ რეგიონების უსაფრთხოება, შავ ზღვაში უკრაინის არმიის ძლიერი პოზიციები და მსოფლიო ბაზარზე უკრაინული პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტი.

უკრაინამ და რუსეთმა, გაეროს და თურქეთის შუამავლობით 13 ივლისს, სტამბოლში დაიწყეს მოლაპარაკება გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით. პირველი შეხვედრის შემდეგ, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ შეთანხმებულია ძირითადი ტექნიკური საკითხები, კერძოდ, ყველა მხარის მონაწილეობით, სტამბოლში შეიქმნება საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც გააკონტროლებს გემების გადაადგილების მარშრუტებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო ნაოსნობას.

წინასწარი ინფორმაციით, უკრაინულ ხორბალს სამი - ოდესის, იუჟნის და ჩერნომორსკის საზღვაო პორტებიდან გაიტანენ.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთს შავ ზღვაში დაბლოკილი აქვს ოდესის, ნიკოლაევის და სხვა პორტები, აზოვის ზღვის პორტებს კი, თავად აკონტროლებს. სხვადასხვა მონაცემით, უკრაინის შავი ზღვის პორტებში გაჩერებულია 20-25 მილიონი ტონა ხორბალი. ამჟამად მარცვლეულის მცირე ნაწილი გააქვთ ხმელეთით და მდინარე დუნაის პორტებიდან. უკრაინიდან ექსპორტის მკვეთრად შემცირება განსაკუთრებით აზარალებს მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს.

​
XS
SM
MD
LG