ერევანი დელისგან სამხედრო თვითმფრინავების და სხვა იარაღის შეძენას აპირებს და ამ მიზნით სომხეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გასულ თვეში ინდოეთში გაემგზავრა საჭირო შეიარაღების სიით.
ამის შესახებ ინდური გამოცემა DNA India წერს, რომელიც ინდოეთის სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრის, მუმბაის ერთ-ერთი უდიდესი ინგლისურენოვანი პერიოდული გამოცემაა.
გამოცემა არ იუწყება, თუ რომელ თვითმფრინავებზე, კიდევ რა იარაღზე და რა ღირებულების კონტრაქტზეა საუბარი. უცნობია, არის თუ არა რაიმე ხელშეკრულება გაფორმებული.
ამავე დროს, გამოცემას მოჰყავს ანონიმი სომეხი მაღალჩინოსნის სიტყვები, რომლის თანახმად, ყარაბაღის ბოლოდროინდელმა ომმა ერევანი აიძულა გადაეხედა სამხედრო საჭიროებებისთვის.
გაზეთი აღნიშნავს, რომ ომმა აჩვენა, თუ რამდენად უსარგებლო გამოდგა რუსული სამხედრო ტექნიკა თურქული შეიარაღების, განსაკუთრებით უპილოტო Bayraktar-ების წინააღმდეგ.
რადიო თავისუფლების სომხურმა სამსახურმა აღნიშნულ პუბლიკაციასთან დაკავშირებით კომენტარისთვის სომხეთის სამხედრო დეპარტამენტს მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.