დღეს, 22 ივლისს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის დასს და თანამშრომლებს სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე ნუკრი ქანთარია წარუდგინა. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მინისტრის ბრძანებით, ქანთარია საქმიანობას 1 აგვისტოდან შეუდგება.
ნუკრი ქანთარია „ქართული ოცნების" რიგებიდან ორჯერ იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 2012 წელს ის აირჩიეს ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად. 2016-2020 წლების მოწვევის პარლამენტში ქანთარია პარლამენტში „ქართული ოცნების" პარტიული სიით მოხვდა. მას ეკავა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა.
სხვადასხვა წლებში ქანთარია მუშაობდა თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარ რეჟისორად. ის იყო თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.