აშშ-სა და მის მოკავშირეებს შეუძლიათ უკრაინას მიაწოდონ HIMARS-ის ტიპის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების 25-30 ერთეული და მათი მსგავსი ტექნიკა (MLRS). ამის შესახებ რადიო თავისუფლება/ რადიო თავისუფალ ევროპასთან ინტერვიუში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელმა ადამ სმიტმა განაცხადა.
ის, კონგრესის სხვა წევრებთან ერთად, ეწვია კიევს და 23 ივლისს შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა, დაადასტურა, რომ საუბარი იყო იარაღის, მათ შორის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების მიწოდებაზე.
„ჩვენ მზად ვართ უკრაინას მივცეთ HIMARS-ის ტიპის იმდენი დანადგარი, რამდენიც შეგვიძლია“, - აღნიშნა სმიტმა. მაგალითად, 50 ასეთი ერთეულის მიწოდება ალბათ შეუძლებელია, თქვა მან, მაგრამ 25-30 ერთეულისა - საკმაოდ რეალური. კონგრესმენის თქმით, საუბარია ამერიკულ დანადგარებზე, ასევე მსგავს სისტემებზე დიდი ბრიტანეთიდან და ნატოს სხვა ქვეყნებიდან.
მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა, განაცხადა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის 50 ასეთი დანადგარი სჭირდება, ხოლო შეტევისთვის - 100. ამ უკანასკნელ შეფასებას ასევე იზიარებს პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი.
ამ დროისთვის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე მიაწოდა HIMARS-ის 12 ერთეული და დაჰპირდა კიდევ 4 ასეთის, ასევე ანალოგიური სისტემის დანადგარების მიწოდებას. HIMARS-ის გამოყენებით ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა არაერთი დარტყმა განახორციელეს რუსეთის ჯარების ზურგში. აშშ-ის შეფასებით, უკრაინამ გაანადგურა 100-ზე მეტი „მაღალი ღირებულების“ რუსული სამიზნე უკრაინის ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ. ამასთან, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები არ განხორციელებულა. პენტაგონმა განმარტა, რომ უკრაინას გადაეცემა HIMARS-ის რაკეტები, რომლებსაც 80 კმ-მდე სამიზნის დაზიანება შეუძლიათ და არა რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ მისწვდნენ სამიზნეს 300 კმ-ის დაშორებით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინის ხელთ არსებული HIMARS-ის 12-დან 3 დანადგარი გაანადგურეს. უკრაინელი სამხედროები არ აღიარებენ არცერთის დაკარგვას. დამოუკიდებელი მტკიცებულება რუსეთის მიერ ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემის მინიმუმ ერთი ერთეულის განადგურების შესახებ არ მოიპოვება.