ირანი აცხადებს, რომ გაეროს ატომური უწყების (IAEA) მიერ მის ბირთვულ პროგრამაზე დაკვირვების მიზნით დამონტაჟებული კამერები არ ჩაირთვება მანამ, სანამ არ მიაღწევენ შეთანხმებას, რომლითაც უნდა აღდგეს 2015 წელს, ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
ნახევრად ოფიციალურ სააგენტო Tasnim-ი 25 ივლისს ავრცელებს ვიცე-პრეზიდენტის და ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მოჰამად ესლამის სიტყვებს - რომ კამერები, რომლებიც თეირანმა გასულ თვეში მოხსნა, თავის დროზე დამონტაჟდა ამ ხელშეკრულების თანახმად, რათა გაქარწყლებულიყო ბრალდებები, რომ ირანი ურანის გამდიდრებას ბირთვული იარაღისთვის აუცილებელ დონემდე ცდილობს.
თუმცა, ამბობს ესლამი, ხელშეკრულება საფრთხეშია იმის გამო, რომ მას აშშ ცალმხრივად გამოეთიშა, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დროს - და კამერებიც აღარაა მისაღები.
"ეს კამერები ბირთვულ ხელშეკრულებასთანაა დაკავშირებული. თუ დასავლელები შეთანხმებას დაუბრუნდებიან და ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ისინი არასწორად არ მოიქცევიან, ამ კამერებთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას" - ამბობს ის.
აშშ ხელშეკრულებიდან 2018 წელს გავიდა, რის შემდეგაც თეირანმა თანდათანობით დაიწყო ხელშეკრულების პირობების დარღვევა.
ირანმა ახლახან მიანიშნა, რომ ახალი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შესაძლოა კვლავ უერთგულოს ამ პირობებს - მაგრამ განაცხადა, რომ პირველი ნაბიჯი ვაშინგტონმა უნდა გადადგას.
აშშ აცხადებს, რომ ირანის ბირთვული ხელშეკრულების შესახებ მოპარაკება მხოლოდ მაშინ დასრულდება, თუ ირანი შეწყვეტს დამატებითი მოთხოვნების წამოყენებას.
ხელშეკრულების აღდგენის მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებები აპრილის შემდეგ შეჩერებულია.