Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნებიდან“ წასულები დეგნანს: აღვივებთ ომის რიტორიკას; იწონებთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას


„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები მორიგი წერილით უტევენ აშშ-ის ელჩს საქართველოში და კელი დეგნანს ბრალს სდებენ „ომის რიტორიკის“ გაღვივებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევაში:

„თქვენ არათუ არ ემიჯნებით ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერთ და თავად აღვივებთ მას; თქვენ თანაუგრძნობთ ბაკურიანის რევოლუციურ შეკრებას და იზიარებთ მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის ფორმირების მოთხოვნას; თქვენ ადასტურებთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და მეტიც, იწონებთ მას“, - მიმართავენ კელი დეგნანს დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სოზარ სუბარი 25 ივლისს გამოქყვენებულ წერილში.

საზოგადოებისთვის „სიმართლის“ სათქმელად, „ოცნებიდან“ წასული ხუნდაძე-ყაველაშვილი-სუბარის სამეულმა ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით პასუხები აშშ-ის ელჩს წინა წერილში მოსთხოვა. ახალ წერილში კი ისინი წერენ, რომ მიზანი არა აშშ-ზე თავდასხმა, არამედ მისი რეპუტაციის დაცვა ჰქონდათ. თუმცა სამეულმა მათთვის სასურველი პასუხები ვერ მიიღო.

„შეკითხვაზე პასუხის არგაცემით, თქვენ დაგვიტოვეთ ერთადერთი დასკვნის გამოტანის საშუალება, რომ ომის რიტორიკას არათუ არ ემიჯნებით, არამედ მისი წახალისება თქვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა. ჩვენი ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ ნინო ლომჯარიასთან თქვენი დემონსტრაციული შეხვედრაც ამის უტყუარი მტკიცებულებაა... ლომჯარიასთან შეხვედრით ქართულ საზოგადოებას თქვენ ღიად უთხარით, რომ საქართველოს მიერ სანქციების არდაწესებასა და საქართველოში „ბომბების ცეცხლს“ შორის უპირატესობას თქვენც საქართველოში ბომბების ცეცხლს ანიჭებთ“, - წერენ ისინი.

სამეული, ასევე, ამტკიცებს, რომ დეგნანი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს და ამის დადასტურებას თავად ივანიშვილს სთხოვს.

„[ივანიშვილმა] უთხრას საზოგადოებას, გაიმართა თუ არა შეხვედრა მასსა და კელი დეგნანს შორის 24 თებერვლის შემდეგ და თუ გაიმართა, ვისი ინიციატივით და რა საკითხი იქნა მასზე განხილული“.

საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს უკანასნელ პერიოდში საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში სდებენ ბრალს.

20 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას და განაცხადა, რომ ელჩს ვაშინგტონისგან სრული მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა კელი დეგნანსა და მის გუნდზე არ არის შესაბამისი იმ კომუნიკაციისა, რაც პარტნიორებს აქვთ.

XS
SM
MD
LG