Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალები ხერსონსა და ზაპოროჟიეში "რეფერენდუმების" ჩატარებას ერთსა და იმავე დღეს აპირებენ

ქალაქი ხერსონი
ქალაქი ხერსონი

უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების საოკუპაციო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ერთ დღეში რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის" ჩატარებას გეგმავს.

რუსეთის ხელისუფლების მიერ დანიშნულმა "ხერსონის რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ", კირილ სტრემუსოვმა, სააგენტო "ტასს" განუცხადა, რომ " ხერსონის რეგიონის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ზაპოროჟიეს რეგიონის იდეას, რომ ერთ დღეს ჩატარდეს "რეფერენდუმი" რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ.

ვლადიმერ როგოვმა, რომელიც თავს "ზაპოროჟიეს რეგიონის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრს" უწოდებს, თქვა, რომ ერთსა და იმავე დღეს "რეფერენდუმის" ჩატარება შეამცირებს პროვოკაციების რაოდენობას უკრაინის მხრიდან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ" რეფერენდუმები " უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ოკუპირებული ნაწილების ანექსიისთვის შეიძლება ჩატარდეს სექტემბრის პირველ ნახევარში. უკრაინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ რუსეთის ხელისუფლება უკანონო "რეფერენდუმებს" 11 სექტემბერს – რუსეთში ხმის მიცემის ერთიან დღედ წოდებული არჩევნების დროს ჩაატარებს. ოფიციალურად, რუსეთის ხელისუფლებას არ გამოუცხადებია "რეფერენდუმის" თარიღი. ამ საკითხზე პასუხის დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მხოლოდ ის თქვა, რომ უკრაინის მოქალაქეები საკუთარ ბედს თავად განსაზღვრავენო.

11 ივნისს ამ ორი ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიებზე რუსული პასპორტების გაცემა დაიწყო. ერთი თვის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის ყველა მაცხოვრებლისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული მინიჭების შესახებ.

რუსეთის სამხედრო ძალები ხერსონის ოლქს მარტიდან აკონტროლებენ. მათ პოზიციებზე კონტრშეტევა უკრაინის არმიამ რამდენიმე კვირაა დაიწყო, რასაც წინ უძღოდა ამერიკული სარაკეტო სისტემების მიღება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევების შედეგებზე არაფერს იუწყება.

XS
SM
MD
LG