Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის სამხედრო დანაყოფების მებრძოლთა ფორმებს დაემატა წარწერა "კიევისკენ"


ახმატ კადიროვის სახელობის პოლკის მებრძოლების ახალ ფორმებზე ნათლად ჩანს წარწერა "კიევისკენ"
ახმატ კადიროვის სახელობის პოლკის მებრძოლების ახალ ფორმებზე ნათლად ჩანს წარწერა "კიევისკენ"

ჩეჩნეთის სამხედრო და სპეციალური დანაყოფების მებრძოლთა ფორმების შევრონები შეიცვალა და, როგორც საიტი "კავკაზ.რეალიი" იუწყება, ნაცვლად ნაწილის ნომრისა და წოდებისა, მებრძოლთა ფორმების ზურგის მხარეს მიკერებულ ფართო შევრონზე გაჩნდა წარწერა "კიევისკენ" . ამის შესახებ ცნობა ანონიმურად რესპუბლიკის სამართალდამცავ სტრუქტურებშიც დაადასტურეს.

სამხედრო ფორმაში ცვლილება გასულ კვირაში მოხდა. "18 ივლისიდან ქალაქში შესამჩნევია, რომ პრაქტიკულად ყველა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის ზურგზე ასეთი წარწერა გაჩნდა", -აცნობა ანონიმმა თანამოსაუბრემ "კავკაზ.რეალიის".

ქალაქ გროზნოში გადაღებულ ვიდეოზე ასეთი შევრონები ახმატ კადიროვის სახელობის პოლიციის სპეცდანიშნულების პოლკის მებრძოლების ფორმებზე ჩანს. "კავკაზ. რეალიის" წყაროს ცნობით, ასეთი ცვლილება შეეხოთ ასევე მილიციის სპეცდანიშნულების ძალებსა და სხვა დანაყოფებსაც.

ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის კრიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იძულებულია მონაწილეობა მიიღოს ომში და დაქირავებულთა შორის არიან არა მხოლოდ სამართალდამცავები, არამედ ისინიც, ვისაც ისინი დევნიან.

კადიროვმა პირველად ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ ქმნის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ახალ ჩეჩნურ ბატალიონებს: ჩრდილოეთი-ახმატი, სამხრეთი-ახმატი, დასავლეთი-ახმატი და აღმოსავლეთი-ახმატი, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებენ.

„ჩვენ ისევ მზად ვართ ბრძანების შესაბამისად წინ წავიდეთ, იოლად ავიღოთ კიევი და ნატოს ქვეყნები. ნამდვილ ბრძოლებში გამობრძმედილ ჩვენს ქვედანაყოფებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს მსოფლიოს ვერანაირი არმია“, - აცხადებს კადიროვი. ის წერს, რომ მათი სიძლიერე „დასავლეთს ჯერ კიდევ არ ესმის“, თუმცა, არ ამბობს, ნატოს კონკრეტულად რომელი სახელმწიფოების აღება უნდა.

რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული თუ საკუთრივ ჩეჩნეთში მობილიზებული მოხალისეები სპეციალურ მომზადებას ქალაქ გუდერმესში მდებარე სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის ბაზაზე გადიან და შემდეგ უკვე უკრაინაში იგზავნებიან საბრძოლო დავალების შესასრულებლად.

XS
SM
MD
LG