აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშის მიხედვით, საერთო ჯამში საქართველოს საინვესტიციო გარემო დადებითად არის შეფასებული, თუმცა საუბარია ნაკლოვანებებზე. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ამ მხრივ ანგარიშში მოხვდა სასამართლო ხელისუფლებაა.
"საერთო ჯამში, ბიზნეს და საინვესტიციო პირობები კარგია და საქართველო დადებითად გამოირჩევა რეგიონულ ქვეყნებს შორის. თუმცა, მზარდია ნდობის ნაკლებობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად, ზოგიერთი ბიზნეს დავის საქმეები სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება.
სხვა კომპანიები უჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებს, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებაში ხარვეზებს, არაეფექტურ ანტიმონოპოლიურ პოლიტიკას, ბრალდებებია პოლიტიკურ ჩარევაზე, კანონებისა და რეგულაციების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის ვაჭრობის შესახებ კანონებისა და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის სირთულეებზე. საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ ადგილზეა, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი", - აღნიშნულია ანგარიშში.
აქვე აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები და საქართველო მუშაობენ ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდაზე და დადებითად არის შეფასებული საერთაშორისო რეიტინგები: Heritage Foundations-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველომ ოცდამეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში 45-ე ადგილი.
ანგარიშში წერია, რომ საქართველოსთვის გადაზიდვები და ლოჯისტიკა პრიორიტეტული სექტორებია და ცდილობს ისარგებლოს გაზრდილი ტვირთბრუნვის მოთხოვნით. ანგარიშის ამ ნაწილში საუბარია ანაკლიის პორტზე, რომლის მშენებლობაც შეწყვეტილია.
"2016 წელს მთავრობამ ანაკლიაში ახალი პორტის აშენების ხელშეკრულება საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს, მათ შორის ამერიკულ კომპანიას გაუფორმა. თუმცა, 2020 წელს მთავრობამ ჯგუფთან კონტრაქტი შეწყვიტა, რის შედეგადაც ინვესტორთან სამართლებრივი დავა წარმოიშვა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა", - წერია დოკუმენტში.