ირანის ხელისუფლებამ გასულ ოთხშაბათს სიკვდილით დასაჯა სამი მსჯავრდადებული ქალი. ყველა მათგანი დამნაშავედ ცნეს ქმრების დახოცვაში. ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვან ასაკში იყო გათხოვილი.
საერთო ჯამში, მხოლოდ ამ კვირაში ირანში 32 სიკვდილით დასჯა განხორციელდა. 2022 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 250 - ზე მეტი სასიკვდილო განაჩენი მოიყვანეს სისრულეში, ეს არის ორჯერ მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
ირანში მომუშავე უფლებადამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ირანის სასამართლოები არ განიხილავენ შემამსუბუქებელ გარემოებებს. კერძოდ იმას, რომ მკვლელობები შეიძლება ჩადენილი ყოფილიყო თავდაცვის მიზნით, რომ მათ წლების განმავლობაში წინ უძღოდა ოჯახური ძალადობა და რომ ბევრი ბრალდებული სრულწლოვანებამდე,
მათი თანხმობის გარეშე დაქორწინდა.
ირანში სიკვდილით დასჯის რიცხვი იზრდება. ნორვეგიული ("ადამიანის უფლებები ირანში" (IHR) და ფრანგული ("ერთად სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ" (ECPM) ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ქვეყანაში სულ მცირე 333 სიკვდილით დასჯა განხორციელდა, მათ შორის სულ მცირე 17 შემთხვევაში სიკვდილით ქალი მსჯავრდებულები დასაჯეს. ამავე დროს, ადამიანის უფლებათდამცველები აცხადებენ, რომ მხოლოდ სიკვდილით დასჯის 16.5% შემთხვევაში გავრცელდა საჯაროდ ცნობა. ირანში სიკვდილით დასჯა ხშირად გავრცელებულია ისეთი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც უმეტეს ქვეყნებში გაცილებით მსუბუქი სასჯელია გათვალისწინებული.
ასევე, სიკვდილით დასჯილთა შორის მკვეთრად ჭარბობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. მაგალითად, ბალუჩები, სიკვდილით დასჯილი ადამიანების დაახლოებით მეოთხედს შეადგენ. ამ დროს ბალუჩები ირანის მოსახლეობის მხოლოდ 5% - ს შეადგენს.