Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ბიჭვინთაზე: ძირძველი ტერიტორიები ოკუპირებულია, ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს 29 ივლისს პირველი კომენტარი გააკეთა ბიჭვითის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის თემასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით აფხაზეთი და სამაჩაბლო დროებით ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მოუწოდა პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ არის. მისი სიტყვებით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების გონივრული პოლიტიკით „გააერთიანებენ ქვეყანას“.

არათუ მხოლოდ ბიჭვინთა, მთელი აფხაზეთი, ძირძველი ჩვენი ისტორიული ტერიტორია და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. შესაბამისად, მე მოვუწოდებდი ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ, მე მათ შევახსენებდი, რომ მათი უგუნური ქმედების შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ ჩვენ, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა ამ კონფლიქტთან. ჩვენ, ჩვენი გონივრული პოლიტიკით ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული სიმშვიდე, სიწყნარე, სტაბილურობა და ჩვენ, ჩვენი ასეთივე გონივრული პოლიტიკით ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, სვანეთობის დღესასწაულზე ყოფნისას მედიასთან საუბარში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გმობს ბიჭვინთაში მიმდინარე პროცესს და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რეაგირებისკენ სამოქალაქო სექტორმა და პარლამენტის ცალკეულმა დეპუტატებმაც მოუწოდეს.

ამ დრომდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრი ამ საკითხს არ გამოხმაურებია.

25 ივლისს აფხაზური საინფორმაციო გამოცემის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 80 პროცენტი რუსეთისთვის სანაპირო მიწების გადაცემას ეწინააღმდეგებოდა.

ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს, შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. აფხაზური საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტის საპარლამენტთაშორისი კავშირების კომიტეტმა ხელშეკრულების ახალ ტექსტს უკვე დაუჭირა მხარი. საკითხთან დაკავშირებით აფხაზურ საზოგადოებაში მღელვარება არ წყდება. სესიის დღეს ოპოზიცია პარლამენტთან ხალხის შეკრებას ელოდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG