Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია: უკრაინიდან ლტოლვილების უზრუნველყოფისთვის 14 მლნ ლარი დაიხარჯა


უკრაინელი ლტოლვილი, სვეტლანა მელანოვიჩი, თბილისის ერთ-ერთი სასტუმროს ოთახში
უკრაინელი ლტოლვილი, სვეტლანა მელანოვიჩი, თბილისის ერთ-ერთი სასტუმროს ოთახში

თბილისის მერიის განცხადებით, დასრულდა უკრაინიდან ლტოლვილი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, "რომელიც წინასწარ დაანონსებული ერთი თვის ნაცვლად, ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა“. მერიის თანახმად, პროგრამისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.

1 აგვისტოდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ლტოლვილებისთვის, ვინც საქართველოში 15 ივლისიდან ცხოვრობს სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე - 45 ლარი გაიცემა. იგივე პროგრამა მოქმედებს საქართველოში 15 ივლისამდე შემოსული ლტოლვილებისთვისაც.

თბილისში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს კვლავ უფასოდ მოემსახურება საზოგადოებრივის ტრანსპორტი. ,,მათთვის უფასო იქნება
მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება“, ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებმა უკრაინიდან ლტოლვილებმა დღეიდან, 1 აგვისტოდან დროებითი საცხოვრებლების დატოვება დაიწყეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 15 ივლისის შემდეგ შემოსულ უკრაინელ ლტოლვილებს სახელმწიფო 10 დღის განმავლობაში სასტუმროთი უზრუნველყოფს.

ამ პერიოდის განმავლობაში ლტოლვილმა უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც განაცხადის განხილვის შემდეგ, თუ განმცხადებელი აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, უზრუნველყოფს ოჯახზე 300-ლარიანი და სულზე 45-ლარიანი დახმარების პაკეტის გაცემას.

თბილისში სხვადასხვა სასტუმროებში ამ დროის განმავლოაბში 2300-მდე ლტოლვილი იყო განთავსებული.

XS
SM
MD
LG