Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"როსნანოს" ყოფილი ხელმძღვანელი ანატოლი ჩუბაისი რეანიმაციაში იმყოფება


ანატოლი ჩუბაისი
ანატოლი ჩუბაისი

რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო კორპორაცია "როსნანოს" ყოფილი ხელმძღვანელი, ანატოლი ჩუბაისი გილიენ-ბარის სინდრომის სიმპტომებით რეანიმაციაში მოხვდა. ანატოლი ჩუბაისი ერთ-ერთ ევროპულ კლინიკაში იმყოფება და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე ხასიათდება, როგორც სტაბილურად საშუალო-სიმძიმის.

გილიენ-ბარეს სინდრომი იშვიათი ავტოიმუნური დაავადებაა, რომლის განვითარებით ანტისხეულები იწყებენ პერიფერიული ნერვული უჯრედების მიელინურ გარსზე შეტევას. მისი დაზიანება პაციენტში იწვევს კიდურების კუნთებზე ნაწილობრივი კონტროლის დაკარგვას და მძიმე შემთხვევებში პრობლემები წარმოიქმნება სასუნთქი კუნთების მუშაობაში.

გილიენ-ბარეს სინდრომის ზუსტი მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს ხდება სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების შედეგად. ერთი წლის წინ ექიმებმა აღმოაჩინეს პირველი სრულფასოვანი მტკიცებულება, რომ ეს შეიძლება მოხდეს COVID-19-ით გამოწვეული ინფიცირების შედეგად.

მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ანატოლი ჩუბაისი გადადგა მდგრადი განვითარების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობიდან და ქვეყანა დატოვა. 23 მარტს ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი იუწყებოდა ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, ჩინოვნიკი არ დაეთანხმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას.

თანამდებობიდან ჩუბაისის წასვლის ფაქტი სააგენტო „რიან ნოვოსტის“ დაუდასტურა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. მან განაცხადა, რომ ჩუბაისი რუსეთიდან წავიდა თუ არა, ეს მისი პირადი საქმეა.

ჩუბაისი რუსეთის ყველაზე მაღალი რანგის მოხელეა, რომელმაც თანამდებობა დატოვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ჟურნალმა Forbes-მა მოახერხა მასთან დაკავშირება, მაგრამ ის საუბარს წყვეტდა რუსეთის დატოვების შესახებ შეკითხვების შემდეგ. გაზეთი „კომერსანტი“ იტყობინება, რომ ის 22 მარტს სტამბოლში ნახეს.

XS
SM
MD
LG