ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ივლისის ბოლოდან, ადგილობრივი საავადმყოფოში ბავშვთა მიმართვიანობა გაიზარდა. ენტეროვირუსებითა და სხვადასხვა ინფექციური დაავადებებით ბავშვების ინფიცირების მაღალი დონე ფიქსირდება, - განუცხადა სააგენტო „რეს"-ს ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების უფროსმა ლარისა ხანიკაევამ.
„ახლა გაცილებით მეტი ავადმყოფი ბავშვია, ვიდრე წლის სხვა პერიოდში, ე.ი. ახლა არის შემთხვევების ზრდა. მაგალითად, გასულ კვირას, ოთხშაბათს 50 მომართვა იყო, ხუთშაბათს 39, პარასკევს 40 და შაბათს 10. ბავშვები ახლა მხოლოდ ენტეროვირუსული ინფექციით არ ავადდებიან, არის ანგინის და მწვავე ტონზილიტის შემთხვევები, რაც, რა თქმა უნდა, სეზონურობიდან გამომდინარეა, არის კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევები. მე ამას ეპიდემიას ვერ დავარქმევ, მაგრამ შემთხვევების ზრდა შეინიშნება“, - განაცხადა ხანიკაევამ. მისი თქმით, ბავშვებში ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია მაღალი სიცხე და ზოგადი ინტოქსიკაცია.
ექიმმა დასძინა, რომ ამჟამად კლინიკაში 40-მდე ბავშვი მკურნალობს, თუმცა უფრო დიდი რაოდენობა ამბულატორიულ მკურნალობას გადის. გარდა ამისა ცხინვალელი ეპიდემიოლოგები ახალი კორონავირუსის შემთხვევების ზრდაზეც საუბრობენ.