Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TI: სულ რაღაც ოთხ თვეში საქართველოში 6400-ზე მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

მხოლოდ მარტში. აპრილში, მაისსა და ივნისში რუსეთის მოქალაქეებმა დაარეგისტრირეს 6419 კომპანია. ეს 7-ჯერ მეტია, ვიდრე მთლიანად 2021 წელს და თითქმის იმდენივე, რამდენიც უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში, ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომლის შედეგებიც არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” (TI) 3 აგვისტოს გამოაქვეყნა.

30 ივნისის მდგომარეობით, სულ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული, ან რუსული კომპანიების შვილობილი 13 500-მდე იურიდიული პირია აღრიცხული.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

TI-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ ეს შეიძლება არ იყოს სრული ჩამონათვალი. მაგალითად, “ხშირია შემთხევევები, როდესაც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელი ოფშორშია დარეგისტრირებული, რაც კომპანიის რეალური მესაკუთრეების დადგენას ართულებს”.

საქართველოს მეწარმეთა რეესტრიდან ამოღებული მონაცემებით, ორგანიზაციების რაოდენობამ მკვეთრად იმატა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. იანვარ-თებერვალში 190 ორგანიზაცია დარეგისტრირდა, მარტში კი უკვე 2140.

ომის დაწყებიდან აღრიცხული კომპანიების 93% (5 990 ერთეული) ინდივიდუალური საწარმოა, ანუ ერთი ადამიანია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა.

კვლევის ფარგლებში ორგანიზაციამ შეისწავლა საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით. მათ შორის, პროდუქციის იმპორტი და ექსპორტი, ფულადი გზავნილები და სხვა.

ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ ომის დაწყების შემდეგ საქართველო უფრო დამოკიდებული გახდა რუსეთზე. თანაც, “ფულადი გზავნილები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველო რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული”.

მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრა, დასავლეთმა რუსეთს უპერეცენდენტო ეკონომიკური სანქციები დაუწესა. რუს ოლიგარქებს გაუყინეს მილიარდობით დოლარის აქტივები, რუსული ბაზარიდან კი გავიდა არაერთი საერთაშორისო კომპანია. მაგალითად, მაკდონალდსი, და ამაზონი. საქართველომ რუსეთს სანქციები არ დაუწესა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG