Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საცხოვრისის საჭიროების მქონე უკრაინელების ანკეტით აღრიცხვა დაიწყო - ღია საზოგადოების ფონდი


უკრაინელი ლტოლვილები ბათუმში
უკრაინელი ლტოლვილები ბათუმში

"ღია საზოგადოების ფონდის" განცხადებით, 2 აგვისტოდან, საცხოვრისის საჭიროების მქონე უკრაინის მოქალაქეებისს აღრიცხვა, საგანგებო ანკეტის მეშვეობით დაიწყო.

ანკეტაში რეგისტრირებული უკრაინელების საცხოვრისით უზრუნველსაყოფად, ღია საზოგადოების ფონდის სახელზე გახსნილია ანგარიშის ნომერი, სადაც შემოწირულობის გაკეთება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია (ანგარიში ლარში: GE51TB7324636080100018; Დოლარში: GE63TB7324636180100012).

უკრაინელების დახმარების კამპანიაზე დღეს პრესკონფერენცია გაიმართა. მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მხარდასაჭერად, "ღია საზოგადოების ფონდი" 150 000 ლარს გამოყოფს. ფონდის განცხადებით, თანხა მოქალაქეთა შემოწირულობებთან ერთად, გარკვეული პერიოდით უკრაინის მოქალაქეებს დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

პრესკონფერენციაზე იყვნენ ღია საზოგადოების ფონდიდან ქეთი ხუციშვილი, ნინო ქათამაძე -"ნინო ქათამაძის ფონდის" სახელით, დმიტრი კორენი -- RAZOM.GE-ს სახელით, თეონა ჭკადუა- DOPOMOGA/დოპომოგა-ს სახელით და მოხალისე აქტივისტები.

1-ელი აგვისტოდან უკრაინელი მოქალაქეების სასტუმროებში ცხოვრების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დასრულდა. მოქალაქეების დახმარებით, სასტუმროებიდან გამოსახლებულ უკრაინელთა ნაწილი დროებით დაბინავდა. თუმცა, წლის ბოლომდე, ათასობით მოქალაქის საცხოვრისის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

“ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ომი მალე უკრაინის გამარჯვებით დამთავრდება და უკრაინელი ხალხი, ღირსეულად შეძლებს საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას. მანამდე, მათ ეს რთული პერიოდი უნდა გადავატანინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წარმოვადგენთ სხვადასხვა ორგანიზაციებს, სხვადასხვა სფეროს, ყველას გვაერთიანებს ერთი სურვილი- გამოვიჩინოთ თანადგომა და ჩვენს სტუმრებს ეს უმძიმესი პერიოდი გადავატანინოთ. ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა, რომ რიგითმა მოქალაქეებმა, თუნდაც უმცირესი შემოწირულობით დაუჭირონ მხარი ამ პროცესს”- აცხადებენ ინიციატივის წევრები.

31 ივლისს დასრულდა უკრაინელი ლტოლვილების საქართველოს სასტუმროში განთავსების პროგრამა. ამის შემდეგ სახელმწიფო პროგრამით გათვალისიწნებულია მომდევნო სამი თვის განმავლობაში თითუეულ ლტოლვილ ოჯახზე 300-ლარიანი და ერთ სულზე 45-ლარიანი დახმარება. საქართველოს მთავრობის თხოვნით, გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) უკრაინიდან ლტოლვილებს, სამთავრობო პროგრამასთან ერთად, ასევე სულზე 235 ლარით, ორი თვის განმავლობაში დაეხმარება.

XS
SM
MD
LG