Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: რუსი ტურისტებისგან შემოსული თანხა ქართველ გლეხს უბედურებას დამართებს და მხოლოდ ხოშტარიას შეერგება?!


ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან ერთად ქუთაისში მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ის გამოეხმაურა რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში სავიზო რეჟიმის გამკაცრების შესახებ მოთხოვნას.

„ეს კამპანია უკავშირდება იმას, რომ ჩამოშალონ საქართველოში, მაგალითად, ტურიზმის სფერო. როდესაც მათ თავად გაუუქმეს რუსებს ვიზა, უვიზო რეჟიმი დაუწესეს და ახლა გვეუბნებიან, როგორ შემოდიან რუსი ტურისტები საქართველოში, ანუ ტურიზმიდან შემოსულ შემოსავალს ურტყამენ. ურტყამენ, ასევე იმას, რომ თითქოს რაღაც რუსულ ინტერესებს იცავს ხელისუფლება. ათწლიანი „ფეიკ“-კამპანია აქვთ დალაგებული და ახლა რა შეუშლიდათ ხელს, რომ გაეძლიერებინათ, - აღნიშნა მდინარაძემ და კიდევ ერთხელ გაიხსენა პარტია „დროა"-ს ლიდერის ელენე ხოშტარიას ოჯახთან დაკავშირებული საკითხი, - მართლა არ ვარ იმ ადამიანზე არც გადაკიდებული და არანაირი პირადი ინტერესი არ მაქვს, მაგრამ ხოშტარიას რომ არ იმჩნევენ, ის ადამიანები, რაღაც რუსულ ნარატივებზე ლაპარაკობენ, ცოტა უხერხულია. საქართველოში რუსი ტურისტებისგან შემოსული თანხა ქართველ გლეხს უბედურებას დამართებს და მხოლოდ ხოშტარიას შეერგება?! თუ რაშია საქმე".

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქსენოფობიური კამპანიის შესახებ ილაპარაკა. „ეს არის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც მთლიანად სიცრუეზე არის დაფუძნებული. შეგახსენებთ, წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და დღეს იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, რომ აქ დავაწესოთ შეზღუდვები, სანქციები და ა.შ. ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ქსენოფობიაზე გვექნება მკაცრი პასუხი", - თქვა მან.

შსს-ს მონაცემებით, ივნისში საქართველოში შემოვიდა რუსეთის დაახლოებით 135 000 მოქალაქე.

კობახიძემ 3 აგვისტოს განაცხადა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში მოსახლეობის 7%-ზე ნაკლებია. „მერე ხომ გადიან და ნაშთი რჩება ამის მეათედი, შემოსვლის მაჩვენებელიც რომ ავიღოთ, არის სულ მოსახლეობის 7%-ზე ნაკლები, მხოლოდ შემოსვლის და ნაშთი რომ აიღოთ, 1%-ც შეიძლება არ იყოს", - თქვა 1აგვისტოს კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოში შემოსული რუსების მიმართ აგორებული კამპანია ქსენოფობიურ განწყობებს აღვივებს.

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია, რომელიც გამოჩენილი ქართველი სცენოგრაფის, სოლიკო ვირსალაძის დისშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მამაა, პროპაგანდისა სამიზნე გახდა. ის და მისი დეიდაშვილი თითქმის 20 წელია იღებენ ჰონორარს სპექტაკლებიდან, რომელიც სოლიკო ვირსალაძის დადგმულია და რომლებიც რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში ტარდება. ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახი რუსულ ფულს იღებს უკრაინაში ომის პარალელურად და ამ ფულს ხელისუფლების დასამხობი აქციების ორგანიზებისთვის იყენებს.

XS
SM
MD
LG