უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ 7 აგვისტოს დილით, უკრაინული საკვებით დატვირთულმა მეორე ქარავანმა დატოვა ოდესისა და ჩერნომორსკის პორტები – სამი გემი გავიდა ჩერნომორსკიდან და ერთი ოდესიდან. სატვირთო გემებს, რომლებზეც თითქმის 170 ათასი ტონა მარცვლეული და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ინახება, გეზი იტალიის, ჩინეთისა და თურქეთის პორტებისკენ უჭირავთ.
"მას შემდეგ, რაც პორტებმა მოახერხეს პირველი ქარავნის ორგანიზაცია, ჩვენ თანდათან გადავდივართ სამუშაოების მასშტაბურ მოცულობებზე. ჩვენ ვგეგმავთ, რათა უახლოეს მომავალში პორტებმა შეძლონ თვეში მინიმუმ 100 გემის გასვლის უზრუნველყოფა", - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კურბაკოვმა.
მისივე თქმით, უკრაინა აპირებს მყიდველებს თვეში მინიმუმ 3 მილიონ ტონამდე ტვირთით დატვირთული გემების დიდი ქარავნები გაუგზავნოს.
უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვით, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. გემებს და მათ უსაფრთხო ნაოსნობას სტამბოლიდან აკონტროლებს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი.
უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველმა სატვირთო გემმა ოდესის პორტი 1 აგვისტოს დატოვა. 3 აგვისტოს, გემი სტამბოლში შეამოწმა საკოორდინაციო ცენტრმა და ამის შემდეგ გაემგზავრა დანიშნულების ადგილის - ლიბანისკენ, სადაც 26 ათას ტონაზე მეტი უკრაინული სიმინდი მიაქვს.
პირველ გემ "რაზონის" ჩასვლა საბოლოო დანიშნულების ადგილამდე, ლიბანში, ტრიპოლის პორტში, 7 აგვისტოს არის მოსალოდნელი.