Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომის მე-14 წლისთავზე გორში რუსულ დეზინფორმაციაზე ისაუბრეს


რუსეთის დეზინფორმაციაზე დისკუსია გორში
რუსეთის დეზინფორმაციაზე დისკუსია გორში

2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-14 წლისთავზე გორში, ხელოვნების სახლში საქართველოში რუსეთის დეზინფორმაციის გაძლიერების შესახებ დისკუსია გაიმართა. მომხსენებლებმა "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა" ირაკლი ხვადაგიანმა, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ, "მედიის განვითარების ფონდის დირექტორმა", თამარ კინწურაშვილმა ისაუბრეს იმ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო აღმოჩნდა.

ჰიბრიდული ომის და რბილი ძალის გააქტიურება, რუსული პროპაგანდის მიერ დეზინფორმაციული ნარატივების, მტრის ხატის და მუდმივი შიშის დანერგვა - ეს არის იმ თემების არასრული ჩამონათვალი, რომლების შესახებაც დისკუსია მიმდინარეობდა.

"14 წლის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც კუთხით, დავივიწყეთ ის რეალობა, რომელიც გამოვიარეთ. ჩვენ ათწლეულების და ასწლეულების სამწუხარო გამოცდილება გვაქვს იმპერიულ რუსეთთან თანაცხოვრების - ეს ყველაფერი თითქოს გვავიწყდება.

რუსული პროპაგანდა მიზანმიმართულად ცდილობს, რომ ისრები გადაამისამართოს. ჯერ ცდილობდა, რომ საქართველო - მსხვერპლი აგრესორად წარმოეჩინა და ახლა ცდილობს ყველაფერი დასავლეთს დააბრალოს", - თქვა მიხეილ ბენიძემ.

დისკუსიას ესწრებოდა USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კლერ მესონი და ადგილობრივი მოსახლეობაც.

"სოფლებში უკვე ისეთ რაღაცას მოისმენ, გაგიკვირდება - იმასაც, რომ ომი ჩვენი ბრალია... ფაქტებს რომ ვეუბნები, მაინც თავისას გაიძახის, ყველაფერი ამერიკის ბრალიაო. აი ასე მოდის პროპაგანდა რიგით ადამიანამდე", - თქვა სოფელ დიცის მცხოვრებმა, ილია ბერუაშვილმა, რომელმაც საოკუპაციო ძალას საკუთარი მიწის ნაკვეთი არ დაუთმო. ის ყოველწლიურად საოკუპაციო ბანერთან ამუშავებს მიწას.

14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG