სოფელ ერგნეტში, ოკუპირებული ცხინვალიდან 1,5 კილომეტრში მდებარე სოფელში აგვისტოს ომის თემაზე ფოტოგამოფენა მოეწყო. ფოტოებზე ასახული იყო ომის დროს დანგრეული სახლები და ასევე ფოტოილუსტრაციები ომის თემაზე.
"მახსოვს 14 წლის წინანდელი მოვლენები, როგორ ილეწებოდა ამ ეზოში ხეები, როგორ მოდიოდა ტყვიების წვიმა. ჩემი შვილები ორი დღე და ღამე სარდფში იყვნენ. ჩვენ მუზეუმი გავაკეთეთ ხუთი წელია, ეს ოკუპაციის მუზეუმია, ომის მუზეუმი არ არის, მაგრამ არის მუზეუმი მშვიდობისთვის, რადგან ყველამ ნახოს რა დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდეობას. ომი არის სიკვდილი, ნგრევა, სისხლი, ადამიანების ოჯახის განადგურება... დამწვარი იყო ეს სახლი და დაფერფლილი კედლები იყო და უცხოელების დახმარებით შევძელით, რომ ომიდან 8 წლის შემდეგ ანთებულიყო სინათლე ჩემს ფანჯრებში", - თქვა მუზეუმის ხელმძღვანელმა, ლია ჩლაჩიძემ ღონისძიებაზე.
14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი.