Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ამბობს პრემიერი, რომ აფხაზეთი 14 წელია ოკუპირებულია - ვიცე-პრემიერის პასუხი


ფოტო არქივიდან: ლევან დავითაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო არქივიდან: ლევან დავითაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ აფხაზეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს "დაიკარგა". ასე უპასუხა მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვას, რატომ საუბრობდა პრემიერი აფხაზეთის 14-წლიან ოკუპაციაზე, როცა ამ თარიღიდან ბევრად დიდი დროა გასული.

"შეიძლებოდა პასუხის გარეშე დაგვეტოვებინა, მაგრამ, უბრალოდ, ვერ მოვითმინე, რომ პასუხის გარეშე დავტოვო. ვფიქრობ, რომ თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ პრემიერმა ყველაფერი მშვენივრად იცის. თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ იცის ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში რა და როდის ხდებოდა, მაგრამ თქვენ, ჩვენ უბრალოდ ფაქტებს ვერ გავექცევით, ვერ დამალავთ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი - კოდორის ხეობა ზუსტად ამ პერიოდში დაიკარგა. ხომ? გმადლობთ!" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და ბრიფინგის ოთახი, სადაც ჟურნალისტები იყვნენ შეკრებილი, დატოვა.

დღეს, 8 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე წერდა, რომ "14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული". აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულია ათეული წლებია. ომი 1992 წლის აგვისტოში დაიწყო და რამდენიმე თვე გრძელდებოდა. მას შემდეგ ქვეყნის ეს ნაწილი საქართველოს ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება და ჰყავს დე ფაქტო მმართველები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოღალატეებს უწოდებს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთა მუშაობის დროსაც საქართველოში ომი მოხდა. მან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე სამხედროები არიან დაკრძალული, თქვა, რომ ამ პოლიტიკურ ძალას სურს საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნა.

"მიუხედავად მრავალი მცდელობისა, რომ ჩვენი ქვეყანა, აი, იმ მოღალატეებს, ვინც ეს ომი ვერ და არ ააცილა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი ყოფილიყო, მათი ეს გეგმა ჩაიშალა და ჩაიშლება ყოველთვის. ამის შემდეგ მათ დაიწყეს, ნახეს, რომ მსოფლიოში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდაა საქართველოში, არცერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობს ასეთი პროგრესი, ახლა, ვინაიდან ვერ მიაღწიეს მათ მიზანს და მეორე ფრონტი ვერ გადმოიტანეს საქართველოში, ახლა უნდათ რამენაირად დააზიანონ ჩვენი მოქალაქეები. როცა უნდათ, რომ შეაფერხონ ტურიზმის შემოდინება საქართველოში, ეს ვისზე აისახება? აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ეკონომიკაზე, ხალხზე. ერთ რამეს გეტყვით, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის განვითარება", - თქვა ღარიბაშვილმა.

14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG