Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს: კოვიდპანდემიამ დიდი დამღა დამასვა


ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, რომელიც თანამდებობას ოფიციალურად უახლოეს მომავალში დატოვებს, მიმართვას ავრცელებს. მიმართვაში, რომელსაც ანგარიშის სახე აქვს, ძირითადი აქცენტი მისი დირექტორობის დროს გაკეთებულ საქმეებზეა.

"მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა და აღვნიშნო, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავების თითქმის ათწლიანი პერიოდის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო აღნიშნული პოსტი და ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მოვახმარო უპირატესად სამეცნიერო საქმიანობასა და შემდგომი თაობების განათლებას", - ამ სიტყვებით იწყებს ამირან გამყრელიძე მიმართვას.

წარმატებულ საქმეებზე საუბრისას ის ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის მანძილზე ყველა დასახული მიზნის მიღწევა არ იყო შესაძლებელი და წინ კვლავ ბევრი ამოცანაა შესასრულებელი და პრობლემაა აღმოსაფხვრელი.

"ამ ბოლო წლებმა [კოვიდპანდემიამ] ჩემზეც მოახდინა განსაკუთრებული სტრესული და ფსიქოლოგიური გავლენა და დიდი დამღა დამასვა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ემოციური კუთხით, რადგან პანდემიასთან ასოცირებული ახალი ინფორმაცია და პროცესების ყოველდღიური ანგარიშგება, მათ შორის ნეგატიური, ერთ-ერთი პირველი ზიარდებოდა ცენტრთან, პირადად ჩემთან და ჩვენს მიერ გაანალიზებული მიეწოდებოდა მთავრობასა და შესაბამის უწყებებს", - ამბობს ის.

ამირან გამყრელიძის წერილის ერთი ნაწილი საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და ამ საკითხზე მის პოზიციას ეხება:

"ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და არსებული პროგრესის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი ევრო-ატლანტიკური სივრცის, ამ დიდი ოჯახის წევრობა, ევროსტრუქტურებთან მეტი დაახლოება და ინტეგრაცია, ისევე როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს დარგობრივ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, როგორც ყოველთვის, ჰქონდა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და თანადგომა პარტნიორი უცხოელი კოლეგებისგან, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან".

მიმართვის ბოლო ნაწილი უკვე კოვიდპანდემიის მართვას ეხება. ამირან გამყრელიძე მადლობას უხდის მმართველ გუნდს და ასევე, საკოორდინაციო საბჭოს, "ცენტრის ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერისთვის".

"ნათქვამია, რომ "ყველაფერი, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული". ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო, სამედიცინო დარგში მოღვაწეობის მეოთხე ეტაპი მთავრდება, რომელიც კარიერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეულად დასამახსოვრებელია... მადლობა ჩემთვის მოცემული შესაძლებლობებისთვის", - წერს გამყრელიძე.

გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის ცნობილი 5 აგვისტოს გახდა. ამავე დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ეს ინფორმაცია "პალიტრანიუსის" ეთერში დაადასტურა.

„გუშინ გვქონდა საუბარი. ამირან გამყრელიძეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან. ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. შემიძლია დავადასტურო, რომ მსგავსი საუბარი გვქონდა. ეს ცვლილება დავადასტურე. უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი. ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ღირსეულად ტოვებს თანამდებობას. ასპარეზს სხვა ადამიანებს უთმობს. ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას“, - თქვა მინისტრმა.

ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან არის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი.

XS
SM
MD
LG