Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აიდგილარა“ ბიჭვინთის ყოფილი აგარაკის შესახებ შეთანხმების „პარლამენტიდან“ გაწვევას მოითხოვს


ბიჭვინთის სანაპირო
ბიჭვინთის სანაპირო

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედმა ოპოზიციურმა პარტია „აიდგილარამ“ დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას „პარლამენტიდან“ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის გადაცემის შესახებ შეთანხმების გაწვევისკენ მოუწოდა.

პარტიაში მიჩნევენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა „თავისი დაუფიქრებელი მოქმედებებით ქვეყანაში ვითარება უპრეცედენტო სამოქალაქო დაძაბულობამდე მიიყვანა ყველა მიმართულებით“, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით.

„რესპუბლიკაში ანტირუსული საპროტესტო განწყობების დაწყების წარუმატებელმა მცდელობებმა უკვე გამოიწვია მორიგი შიდაპოლიტიკური კრიზისი ქვეყნის შიგნით და შექმნა დაძაბულობის წერტილები რუსეთის ფედერაციასთან“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„აიდგილარა“ "აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის" გადადგომას და პოლიტიკური შეხედულებების განურჩევლად, „პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული“ ახალი "მთავრობის" ფორმირებასაც მოითხოვს.

განცხადებაში ასევე საუბარია რუსეთთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის აფხაზური კომისიის შექმნის აუცილებლობაზე, "რომელიც აიბღის და შავი ზღვის საკითხებზე იმუშავებს".

ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს აქტუალობა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის დადებული შეთანხმების ახალი ტექსტის გამოჩენამ შესძინა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ დოკუმენტი 2022 წლის 19 იანვარს გაფორმდა. შეთანხმებას „პარლამენტის“ მხრიდან რატიფიცირება სჭირდება.

შეთანხმების საგანს წარმოადგენს ბიჭვინთაში არსებული ყოფილი სახელმწიფო აგარაკის მე-8, მე-9 და მე-10 კომპლექსების, ასევე კაგებეს მე-9 სამმართველოს განკარგულებაში მყოფი სამხედრო ქალაქის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი.

ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ბიჭვინთის ნაკრძალის 186 ჰექტარი მიწის 49 წლით იჯარით და მასთან ერთად, ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG