Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოლცი არ ემხრობა წინადადებას, აეკრძალოთ რუსეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლა


ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი
ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე პირადი პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ეკისრება. მან გაკიცხა რუსეთის მიერ ჩადენილი შესაძლო სამხედრო დანაშაულები, თუმცა არ უპასუხა შეკითხვას, ეკისრება თუ არა მათზე პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტს და უნდა წარდგეს თუ არა იგი სასამართლოს წინაშე. ამის შესახებ სააგენტო dpa წერს.

შოლცის მოსაზრებით, უკრაინაში ომის დაწყებაზე პასუხისმგებელია რუსეთის ხელისუფლება და არა რუსეთის რიგითი მოქალაქეები, ამის შესახებ მან რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის საკითხზე შეთავაზების შესახებ პასუხის გაცემისას ისაუბრა.

თუ სანქციები მიმართული იქნება ყველას, მათ შორის უდანაშაულოების წინააღმდეგ, მაშინ ეს მათ ეფექტურობას შეასუსტებს, განაცხადა გერმანიის კანცლერმა. შოლცის თქმით, მისთვის ძნელი წარმოსადგენია ვიზების გაცემის სრული შეწყვეტა. „ეს არის პუტინის ომი“, - დასძინა მან.

გერმანიის კანცლერის თქმით, ევროკავშირი რუსეთზე სანქციებით ზეწოლას აპირებს, გერმანია კი ასევე გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იარაღითა და ფინანსებით.

ჩვენ შემზადებული ვართ იმისთვის, რომ ამ ომს მთელ მსოფლიოზე ექნება გავლენა, რა თქმა უნდა, მათ შორის ევროპასა და ჩვენს ქვეყანაზეც“, - განაცხადა მან.

ევროკავშირი, სანქციების შემდეგი პაკეტის ფარგლებში, განიხილავს წინადადებას რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე უარის შესახებ. ამის თაობაზე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. უწყების წარმომადგენელმა თქვა, რომ აკრძალვის დამტკიცება ნაკლებად სავარაუდოა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამგვარი ინიციატივით უკვე გამოვიდნენ ესტონეთი, ლატვია და ფინეთი.

26 თებერვლიდან ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებული მექანიზმი გააუქმა. ევროპის ზოგიერთი ქვეყნის საელჩოებმა და სავიზო ცენტრებმა შეზღუდეს ან სრულად შეაჩერეს რუსებისთვის შენგენის მოკლევადიანი ვიზების გაცემა.

ამასთან, ევროკომისია გამორიცხავს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრულად შეწყვეტის შესაძლებლობას, ვინაიდან ეს ევროკავშირის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. "ყოველთვის არსებობს ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც ვიზა ესაჭიროებათ, არის ჰუმანიტარული შემთხვევები, [ევროკავშირის მოქალაქეების] ოჯახის წევრები, ჟურნალისტები და დისიდენტები", - აცხადებენ კომისიაში.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ათიათასობით ადამიანმა დატოვა რუსეთი ვლადიმირ პუტინის პოლიტიკასთან შეუთავსებლობის გამო.

ბრიუსელის სანქციები მიმართული არაა რუსეთის რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ „პირველ რიგში“ ხელისუფლებისა და რუსული ელიტის წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილონ უკრაინის ომის დაფინანსება, ხაზს უსვამს ევროკომისია.

პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით უკრაინაში დაწყებული ომის გამო შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვს მკაცრი სანქციები დაუწესეს, რაც არა მხოლოდ ქვეყნის ხელმძღვანელობასა და რუსულ ბიზნესს, არამედ რუსეთის რიგით მოქალაქეებსაც შეეხო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG