Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის ქვეყნები უკრაინას თავდაცვისთვის კიდევ 1.5 მლრდ ევროს გამოუყოფენ


დონორთა კონფერენცია დანიაში, კოპენჰაგენი. 11 აგვისტო, 2022 წელი
დონორთა კონფერენცია დანიაში, კოპენჰაგენი. 11 აგვისტო, 2022 წელი

რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად, დასავლეთის ქვეყნები უკრაინას სამხედრო საჭიროებებისთვის დამატებით 1.5 მლრდ ევროს გამოყოფას დაჰპირდნენ. ამის შესახებ კოპენჰაგენში 26 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების კონფერენციაზე ითქვა.

ეს თანხა დაიხარჯება უკრაინისთვის რაკეტებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე, იარაღის წარმოების გაზრდაზე, უკრაინელი სამხედროების მომზადებასა და უკრაინის ტერიტორიების განაღმვაზე.

დასავლელ მოკავშირეებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიმართა, რაც შეიძლება მეტი თანხისა და იარაღის გამოყოფის თხოვნით.

რაც უფრო მალე შევაჩერებთ რუსეთს, მით მალე ვიგრძნობთ თავს უსაფრთხოდ. ჩვენ თავდაცვისთვის იარაღი და საბრძოლო მასალა გვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტი მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაა. თუმცა, მოკავშირეები უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას არ ჩქარობენ და სხვა ტიპის შეიარაღებას უგზავნიან.

პოლონეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრებმა გამოხატეს მზაობა უკრაინისთვის საარტილერიო სისტემების, საბრძოლო მასალისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის წარმოების გაფართოებისთვის.

დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 300 მილიონი ევროს გამოყოფას დაჰპირდა, მათ შორის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებისა და მაღალი სიზუსტის M31A1 რაკეტებისთვის, რომლებსაც 80 კილომეტრის მანძილზე სამიზნეების განადგურება შეუძლიათ.

ერთობლივ განცხადებაში, კონფერენციის მონაწილე ქვეყნებმა პირობა დადეს მუდმივად გაუწიონ უკრაინას მდგრადი სამხედრო მხარდაჭერა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლისმა განაცხადა, რომ ეს დახმარება „გზავნის მკაფიო ნიშანს: დიდი ბრიტანეთი და საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავინდებურად მხარში უდგანან უკრაინას თავდაცვითი სამხედრო დახმარებისთვის“, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მტკიცების მიუხედავად, რომ დასავლეთის ქვეყნები „კონფლიქტით დაიღლებიან და საერთაშორისო თანამეგობრობა სხვადასხვა მხარეს წავა“.

კოპენჰაგენის კონფერენციას წინ აპრილში გერმანიაში, აშშ-ის საჰაერო ბაზაზე გამართული შეხვედრა უძღოდა, რომელზეც აშშ-ის ხელმძღვანელობით კიევისთვის საერთაშორისო სამხედრო დახმარების კოორდინირებისა და თავდაცვის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფი შეიქმნა.

XS
SM
MD
LG