Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთში დაკავებულ "იზვესტიის" თანამშრომლებს ევროკავშირში შესვლა აეკრძალათ


გაზეთ „იზვესტიის“ თანამშრომლებს, ქსენია სოლდატოვასა და დმიტრი ტიმოფეევს, რომლებიც ესტონეთში დააკავეს, ვიზები გაუუქმეს და სამი წლით აუკრძალეს ევროკავშირში შესვლა.

„ვიზა ბათილად ცხადდება, გადაწყვეტილება მიღებულია შემდეგი მიზეზების გამო: სავარაუდო მოგზაურობის პირობებისა და მიზნების ამოცნობა ვერ მოხერხდა,“ მოჰყავს გაზეთს ციტატა დოკუმენტიდან.

სოლდატოვა და ტიმოფეევი 12 აგვისტოს დააკავეს, როცა ისინი მატარებლით მიემგზავრებოდნენ ნარვიდან ტალინში. „იზვესტია“ აცხადებს, რომ ისინი ესტონეთში ტურისტებად იმყოფებოდნენ, მაგრამ „ვერ შეძლეს უკანასკნელი მოვლენების უგულებელყოფა“ და გადაწყვიტეს, მასალები მოემზადებინათ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეზღუდვასა და ტანკ ტ-34-ისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნაზე.

აღმოსავლეთ პრეფექტურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა ურმას ელმიმ განაცხადა, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქეები პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწეოდნენ.

„დღეს შუადღეზე რუსეთის ორი მოქალაქე, 30 წლის ქალი და 40 წლის მამაკაცი, შემოვიდნენ ესტონეთში სასაზღვრო პუნქტ ნარვის გზით. საზღვარზე მათ წარმოადგინეს იტალიისა და ფინეთის მიერ გაცემული შენგენის ვიზები და განაცხადეს, რომ ტურისტულ მოგზაურობაში იმყოფებიან. ამის შემდეგ მამაკაცი და ქალი ნარვაში გაემართნენ ტანკთან და იქ დაიწყეს მუშაობა პროპაგანდისტული მიზნებით. ამის შემდეგ ისინი ნარვაში ჩასხდნენ მატარებელში და გაემგზავრნენ ტალინის მიმართულებით, მაგრამ იჰვიში მატარებელთან მივიდა პოლიციის პატრული, რუსები მატარებლიდან ჩამოსვეს და მამაკაცი და ქალი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს შესამოწმებლად,“ მოჰყავს ელმის სიტყვები პორტალ Delfi-ის. გამოცემა აღნიშნავს, რომ ტურისტული მოგზაურობის დროს მუშაობა სავიზო რეჟიმის დარღვევაა.

11 აგვისტოს ესტონეთმა მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს საზღვარი რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ამ ქვეყნის მიერ გაცემული შენგენის ვიზები აქვთ. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა ხუთშაბათს.

გადაწყვეტილება არ ეხება შენგენის ზონაში შემავალი სხვა ქვეყნების მიერ გაცემულ ვიზებს. მაგრამ მომავალ კვირაში მთავრობა აპირებს განიხილოს, როგორ შეიძლება აეკრძალოს ქვეყანაში შესვლა რუსეთის ყველა მოქალაქეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG